Nuno Mendes of Paris Saint-Germain scores during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between FC Salzburg and Paris Saint-Germain...დებულების თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის უფლება ჯერ არ აქვს. ამის ნებართვას მას მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიიდან მისცემენ, მაგრამ პარიზელთა გუნდს ლიგის ფაზიდან ფლეი-ოფში გასასვლელად დიდი ბრძოლა ელის. გუშინ მდგომარეობა გართულდა. პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის’’ დღევანდელი შეხვედრის წინ („სიტი” პსჟ-ს ერთი ქულით უსწრებს) ლუის ენრიკემ შეიტყო, რომ სამშაბათის თამაშები მისი გუნდისთვის არასასურველი შედეგებით დასრულდა.

ფლეი-ოფში მოსახვედრად „პარი სენ ჟერმენი’’ 24 გუნდში უნდა შევიდეს. დღეს ის 26-ე ადგილზეა და ბოლოსწინა ტურის შეხვედრა უწევს. პარიზელებს მდგომარეობა „შტუტგერტმა’’ გაურთულა, რომელმაც გუშინ სტუმრად 3:1 მოუგო გურამ კაშიას „სლოვანს’’ და 21-ე ადგილზე გადავიდა. გერმანული გუნდი, პსჟ-ს შემდეგი მეტოქეა. დღეს ის კვარას ახალ გუნდზე სამი ქულით წინ არის.

კიდევ ერთი არასასურველი შედეგი გახლდათ ბელგრადში „ეინდჰოვენის’’ 3:2 გამარჯვება „ცრვენა ზვეზდასთან’’. ნიდერლანდური გუნდი, რომელმაც ოქტომბერში „პარკ დე პრენსზე’’ 1:1 ითამაშა ახლა მე-16 პოზიციაზეა. ის პსჟ-ს ოთხი ქულით უსწრებს და ბოლო ტურში „ლივერპულს’’ ხვდება.

„ბრიუგემაც’’ შეძლო შინ „იუვენტუსთან’’ არ წაეგო (0:0) და ოთხი ქულით აღემატება პარიზელებს. ბოლო ტურში ბელგიური კლუბი „მანჩესტერ სიტის’’ ხვდება. როგორც „პარიზიენი’’ წერს, „პარი სენ ჟერმენის’’ ფლეი-ოფში გასვლა-არგასვლის ბედი დიდი ალბათობით სწორედ ამ მატჩში გადაწყდება.

ლუის ენრიკესა და პეპ გვარდიოლას გუნდების დღევანდელი დაპირისპირების წინ ასეთი სურათია: პსჟ 24 გუნდს კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება. „პარიზიენის’’ ვარაუდით დღეს მისთვის არასასურველი შედეგები იქნება „სელტიკის’’ გამარჯვება „იანგ ბოიზთან’’ და ზაგრების „დინამოს’’ წარმატება ლონდონში „არსენალთან’’. თეორიულად არის ვარიანტი, რომ პსჟ-ს ორ დარჩენილ შეხვედრაში 4 ქულაც ეყოს, თუმცა ჯერ არც ის არის გამორიცხული, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებმა მხოლოდ ბოლო ტურში „შტუტგერტთან’’ მოგებით გაინაღდოს ფლეი-ოფში გასვლა.

ბოლოს გთავაზობთ წესს, თუ რომელ გუნდებს მიენიჭებათ უპირატესობა თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში:

  1. ვისაც გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობა ექნება;
  2. ვისაც მეტი გოლი ექნება გატანილი;
  3. ვისაც მეტი გოლი ექნება გატანილი სტუმრად;
  4. ვისაც მეტი თამაში ექნება მოგებული;
  5. ვისაც მეტი თამაში ექნება მოგებული სტუმრად;
  6. ვისაც ლიგის ფაზაში უშუალო მეტოქეებთან მეტი ქულა ექნება დაგროვებული;
  7. ვისაც ლიგის ფაზაში უშუალო მეტოქეებთან გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობა ექნება;
  8. ვისაც ლიგის ფაზაში უშუალო მეტოქეებთან შეხვედრებში მეტი გოლი ექნება გატანილი;
  9. ვისაც დისციპლინარული მდგომარეობა აქვს უკეთესი;
  10. ვისაც უეფას საკლუბო კოეფიციენტი აქვს უფრო მაღალი.