The Napoli player Giacomo Raspadori and the Atalanta player Mario Pasalic during the match Napoli-Atalanta at Diego Armando Maradona stadium on...სატრანსფერო ბაზრის ბოლო ამბებიდან ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, ანტონიო კონტეს მიერ მივიწყებული ჯაკომო რასპადორის ამბავი იპყრობს. როგორც ირკვევა „ნაპოლის’’ თავდამსხმელის შეძენა ბევრ კლუბს სურს, რომელთაგან ყველაზე მეტად „ატალანტა’’ და „მარსელი’’ აქტიურობენ. მერე მოდის „იუვენტუსი’’, რომელიც ამ ეტაპზე სასურველ ფეხბურთელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს რათა საიანვრო კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს. ასეთ ვითარებაში, იტალიური მედიის აზრით, ყველაზე სავარაუდო მოთამაშის ბერგამოში გადასვლაა, თუმცა აქაც იკვეთება დაბრკოლებები.

რასპადორი „ნაპოლიმ’’ 35 მილიონ ევროდ 2022 წელს იყიდა. ეს თანხა მცირე არ არის რაც იმას ნიშნავს, რომ დე ლაურენტისს თავდამსხმელი მალევე გაყიდვის მიზნით არ შეუძენია. შესაბამისად, თუკი რომელიმე კლუბი მის თაობაზე მოლაპარაკებებს წამოიწყებს, მან „ნაპოლის’’ პრეზიდენტს მოსაწონი თანხა უნდა შესთავაზოს.

რასპადორის დღევანდელი ფასი 25-30 მილიონი ევროა. კარიერაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი უდგას თავად ფეხბურთელსაც, როდესაც მან როგორც მატერიალური ასევე სპორტული კუთხით სხვადასხვა შემოთავაზება უნდა აწონ-დაწონოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.

საიტი ilvaporetto-ს აზრით დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინ დგას „ნაპოლიც’’, რომელსაც ძვირადღირებული მოთამაშეები ჰყავს და იერარქიაც მკაცრად აქვს განაწილებული. ასე მაგალითად დაცვაში ამირ რაჰმანი და ალესანდრო ბონჯორნო ხელშეუხებლები არიან. ისინი წარმოადგენენ ორ ბურჯს, რომლებზეც ნეაპოლში ახალ გუნდს აშენებენ. რასაკვირველია, „აძური’’ უკანა ხაზის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზეც ფიქრობს, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც კლუბი ამ მიზნით იყიდის, მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს.

ამდენად, „ნაპოლის’’ დირექტორატს ახალი მოთამაშის შეძენისას დიდი დაკვირვება მართებს, მითუფრო, რომ მათი შერჩევა საჭიროა არა მხოლოდ მიმდინარე საჭიროების არამედ შორეული პერსპექტივის გათვალისწინებითაც.

და არის კიდევ ერთი საჩოთირო საკითხი. ეს გახლავთ „ნაპოლისა’’ და „ატალანტას’’ კონკურენცია. მართალია მიმდინარე სეზონში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა „ინტერს’’ ჰყავს, მაგრამ „პარტენოპეელები’’ ხასიათს ამჟღავნებენ და სერია A-ს ცხრილს ლიდერობენ. „ატალანტა’’ მათი კონკურენტია – 13 ტურის შემდეგ ერთი ქულით ჩამორჩება „ნაპოლის’’. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ ეტაპზე „ნაპოლის’’ თამაშში რაიმეს აკრიტიკებენ, ეს თავდასხმაა. რასპადორი კი თავდამსხმელია, რომელსაც კონტე… არ იყენებს.

კონტეს ხელში „აძური’’ პირობითად რომ ვთქვათ 1:0-ებს იგებს, რაც სარისკოა. ამასობაში „ატალანტას’’ სტაბილურობის პრობლემა აქვს და თუ მას რასპადორის მეშვეობით მოაგვარებს, ლიდერს სკუდეტოსთვის ბრძოლაში კიდევ უფრო დიდ კონკურენციას გაუწევს.

აი, ასეთ ვითარებაში ახლოვდება სატრანსფერო ბაზრის გახსნის დღე და როგორც „ნაპოლი’’ ასევე რასპადორი უნდა ჩამოყალიბდნენ რა გზას დაადგებიან იანვარში. მკაფიო შეხედულების შექმნა მათ წარმატებისთვის სჭირდებათ.