მარცხი 10 წუთში

Home კატეგორიის გარეშე მარცხი 10 წუთში
მარცხი 10 წუთში

ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში „ქუთაისი“ სლოვაკურ „პრიევიძას“ ესტუმრა და 69:77 დამარცხდა. არადა, ჩვენებმა სამი მეოთხედი მოიგეს, მხოლოდ ერთი დათმეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. კოტე ტუღუშის შეგირდები პირველი ტაიმის მსვლელობისას ცხრა ქულითაც იგებდნენ, მაგრამ შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

აი, შესვენების შემდეგ კი „ქუთაისმა“ ცუდად ითამაშა და მესამე მეოთხედი 12:24 დათმო, რის შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა. რიონისპირელთა შემადგენლობაში სულ რვა კალათბურთელმა ითამაშა და მათგან ერთიც არ ყოფილა ლეგიონერი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მატჩის საუკეთესოები გიორგი კორსანტია (24 ქულა, 11 მოხსნა) და აკაკი დვალიშვილი (18 ქულა, 5 მოხსნა) იყვნენ. თუმცა, მეტოქემ უფრო გუნდურად ითამაშა და ისიც 10 წუთის მანძილზე.

ქუთაისელთა მარცხს კიდევ ორი მიზეზი ჰქონდა – გუნდი საშინლად ისროდა საჯარიმოებს, რომლის მაჩვენებელი 41.2% იყო და პირწმინდად წააგო ფარი – 38:55 მოხსნებში. ამავე ჯგუფში ესპანურმა „ბილბაომ“ შინ ბულგარული „ბალკანი“ გაანადგურა – 95:55.

მომდევნო მატჩს იმერული კლუბი სწორედ ესპანელებთან გამართავს და 16 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...