მაურო ესპოზიტო გახლავთ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მარჯვენა გარემარბად უთამაშია „კალიარიში”, „უდინეზეში”,  „რომაში”, „კიევოში”, კიდევ რამდენიმე კლუბსა და იტალიის ნაკრებში. „სკუადრა აძურაში” მან 6 შეხვედრა ჩაატარა. 1 Station Radio-მ ესპოზიტოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ის ბევრ სხვადასხვა თემასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” საკითხსაც შეეხო. მოგეხსენებათ, კვირას საქართველოს დროით 20 საათზე კვარა და მისი გუნდი სტუმრად თამაშობს „კალიარისთან”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

რა წყალქვეშა ქვებს დაახვედრებს „კალიარი” „ნაპოლის”?

კლაუდიო რანიერი პრაქტიკოსი მწვრთნელი იყო. მე მწამდა, რომ ის „კალიარის” გადაარჩენდა. ბევრი პოზიტიური რამ შევამჩნიე დავიდე ნიკოლასაც. დავინახე, რომ გაჩნდა თამაშის ჟინი, რის მიღწევაც პატარა გუნდში იოლი არ არის. „ნაპოლი” ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რასაკვირველია, „ნაპოლი” მასპინძლებზე ძლიერია, მაგრამ „სანტელიაზე” „კალიარი” შეეცდება კარგ შედეგს მიაღწიოს.

დარწმუნებული ხართ, რომ კონტეს ხელში „ნაპოლი” წარმატებას მიაღწევს?

„ნაპოლის” ცვლილება სჭირდებოდა. კლუბმა გასული სეზონის კატასტროფის შემდეგ სწორი არჩევანი გააკეთა. მას ძლიერი მწვრთნელი უნდა მიეყვანა. კონტე კი ის კაცია, რომელსაც გამარჯვება სწყურია. მეორე მხრივ, მისი ხედვის შეთვისება დროს მოითხოვს. ამის მაგალითი იყო პირველი სამი ტური, როდესაც „პარმასა” და „ბოლონიასთან” გამარჯვებების მიუხედავად გუნდის თამაშში სიძნელეები გამოიკევთა.

ლუკაკუ თუ ოსიმენი?

ორ სრულიად განსხვავებულ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ. ნიგერიელი ყოველთვის მოედნის სიღრმიდან უტევს. მასთან შეხვედრა ნებისმიერი მცველისთვის არასასურველია. ლუკაკუ კი თავის მხრივ მძლავრია და საჯარიმო მოედანში იძლევა დიდ უპირატესობას. ვფიქრობ, კონკრეტულად კონტეს ფეხბურთისთვის ეს უკანასკნელი უფრო მისაღებია. კონტე მის ყიდვას ასე დაჟინებით იმიტომ ითხოვდა, რომ ბელგიელის თვისებები კარგად მოეხსენება და იცის ის თავის სქემას როგორ მოარგოს.

„ნაპოლის” ბევრი გარემარბი ჰყავს: კვარა, პოლიტანო, ახლა უკვე ნერეშიც. როგორ ფიქრობთ, მათგან რომელი ითამაშებს უკეთესად ცენტრალურ თავდამსხმელთან წყვილში?

მათგან ცენტრალური თავდამსხმელის უკან ვერავის ვხედავ. ჩემთვის ისინი პირწმინდა გარემარბები არიან. თუ მაინცდამაინც ამ სამიდან ლუკაკუს უკან ნერეშს თუ ვათამაშებდი. პოლიტანო ის ფეხბურთელია, რომელმაც ფრთაზე უნდა ირბინოს. კვარაც აშკარა გარემარბია. ის ფუნდამენტური ფეხბურთელია. მას შეუძლია კაცის მოტყუება და გოლის გატანა. „ნაპოლიში” ჯერ კვარაცხელია თამაშობს და შემდეგ კიდევ ათი ფეხბურთელი.