„ნაპოლი” სერია A-ს ახალ სეზონს დღეს ვერონაში იწყებს. გუშინ ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც აშკარად ეტყობოდა, რომ კლუბში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. გთავაზობთ ამონარიდებს:

…სეზონის წინ ერთ თვეზე მეტხანს ვიმუშავეთ. აქ დამხვდნენ ბიჭები, რომელთაც სურთ ინდივიდუალურად განვითარდნენ. მათი ენთუზიაზმი საქმეში ძალიან მეხმარება…

…კარგად მოგეხსენებათ, რომ სატრანსფერო ბაზარი რთული მექანიზმია. სხვა კი რა გითხრათ, ყველაფერი ჩაკეტილია. ამ სეზონში ჩვენი მანტრა უნდა იყოს ადრიდნელზე 200%-ით მეტის გაღება. ჩვენს შესაძლებლობებზე მეტი უნდა გავაკეთოთ, რადგან „ნაპოლის” კრიტიკული მომენტი გადავალახინოთ. პრეზიდენტმა გუნდის რეკონსტრუქციაზე ილაპარაკა. მე მას სრულიად ვეთანხმები: ამ გუნდს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია სჭირდება. ყველაფერი საძირკვლიდან არის შესაცვლელი. გუნდი, რომელიც ამწუთასაც 10-12 ფეხბურთელს ყიდის, რასაკვირველია გარდაქმნის პროცესშია. ყველანაირ გარდაქმნას კი მოთმინება სჭირდება. მთავარია ენთუზიაზმი არ დავკარგოთ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ტოტალური რეკონსტრუქცია ყველასგან უდიდეს ძალისხმევას ითხოვს: მწვრთნელის, ფეხბურთელების, საწყობის თანამშრომლების… ყველამ იმაზე მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე წინა წლებში აკეთებდა. იგივე მოეთხოვება გულშემატკივარს, კლუბს…

…ჩვენი გუნდის წარმატება თითოეული ფეხბურთელის პროგრესზე გადის. ეს ვარჯიშები ჩემთვის ჩვეულებრივია, ხოლო მათ ვინც დაჩვეული არ არის, ალბათ გაუჭირდათ. ჩვენი მანტრა მაღალი ინტენსივობის ვარჯიშია. თამაშის დროს მოედანზე გადაგაქვს ის, რასაც ვარჯიშის დროს აკეთებ. და თუ ვარჯიშზე ნელა და დაბალი ინტენსივობით ირჯები, მაღალი ინტენსივობის მატჩში არაფერი გამოგივა. მაღალ ინტენსივობას ვარჯიშებზე უნდა შეეჩვიო…

…Opta-ს დათვლით ამ სეზონში „ნაპოლი” მერვე ადგილზე გავა, მაგრამ ეს კვლევა სტატისტიკას ეყრდნობა, გასული წლის პარამეტრებს. მე თუ მკითხავთ, პარამეტრები, ისევე როგორც გუნდის თამაში ყოველ წელიწადს იცვლება. ვინც ფიქრობს, რომ გასული სეზონის შედეგი შემთხვევითობა იყო, ცდება, რადგან ცხრილი და სხვა გუნდებთან ჩამორჩენა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ის ხალხი, ვინც გასული სეზონის შედეგს უიღბლობას აბრალებს, სიმართლისგან ძალიან შორს არის…

…დაუკომპლექტებელი გუნდი გვყავს თუ არა? მუშაობის დაწყებიდან ერთი თვის მერე კიდევ გზის დასაწყისში ვართ (იცინის). დღეს პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებთ და პრობლემურ სეზონს ველოდებით. პრობლემებთან ბრძოლაში კი ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ. მთელი ყურადღება საქმისკენ უნდა გვქონდეს მიმართული…

…„ნაპოლიში” უკეთეს სიტუაციას ველოდი. მეგონა სასიამოვნო სიურპრიზებიც დამხვდებოდა, მაგრამ ასეთი ვერაფერი ვნახე. წარმოიდგინეთ, მე მოვედი, 9-10 კაცი კი მიდის… არა უშავს, ჩვენ აქ სიტუაციის ობიექტურად შეფასებისთვის ვართ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ. არ ვამბობ, რომ ნულზე ვართ, მაგრამ ძალიანშორსაც არ ვართ. მე ამის არ მეშინია, მაგრამ ჯობს ყველაფერი მკაფიოდ ვთქვათ, რათა ვიცოდეთ საით უნდა წავიდეთ და რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ…

…რამდენი კაცის დამატება მჭირდება? ჩვენ უნდა ვეძებოთ განსაზღვრული უნარებისა და საბაზრო ღირებულების მქონე ხალხი, რომელიც გარკვეულ ხელფასზე იქნება თანახმა და შემდეგ ეს ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ გადმოვიდეს „ნაპოლიში”, რომელიც ევროთასზე არ გამოდის. აი, ამ ყველაფერზე ერთადერთ სატრანსფერო პერიოდში ვმუშაობთ. ჩვენი ფეხბურთელების გაყიდვით დიდ ფულს რომ ვერ მივიღებთ, ცხადია, რადგან ბევრი ხელშეკრულება საიჯაროა. მე კარგად მესმის კლუბის მძიმე მდგომარეობა და ამიტომ გთხოვთ თქვენც კარგად გაგვიგოთ. რაც ვთქვი იმას არ ნიშნავს, რომ ენთუზიაზმი გაგვიქრა. თუ კლუბი გუნდს გააძლიერებს კარგი იქნება, თუ არა და გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, მაგალითად ჯენარო ლაკარინო და კოლი საკო, რომლებთანაც ვიმუშავებთ…

…მოდი, ტაქტიკურ სქემებზე ნუ ვილაპარაკებთ. ჯერ ძალიან ადრეა. ხომ ნახეთ, ცნობილი 4-3-3-ით გუნდი გასულ სეზონში მეათე ადგილზე გავიდა. დღეს განლაგება ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაა.