The SSC Napoli supporters during the Serie A TIM match between SSC Napoli and Hellas Verona FC at Stadio Diego Armando Maradona on February 04, 2024...დღეს სერია A იწყება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” საქმეში ხვალ ჩაერთვება – თამაში ვერონაშია. ვერონელები ნეაპოლელთა მასპინძლობისთვის ემზადებიან და ამ მზადებას პოლიციის კომისარი რობერტო მასუჩი ხელმძღვანელობს. „სტადიო ბენტეგოდიზე” 20 ათას გულშემატკივარს ელიან, რომელთა შორის 2 ათასი სტუმარი გუნდის ქომაგიც იქნება.

იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც „ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრას ახლავს, კომისარმა მასუჩიმ სპორტულ ღრონისძიებათა ეროვნულ სადამკვირვებლო ორგანოს სთხოვა სტადიონზე საგანგებოდ გამოყოფილი ადგილების გარდა სხვა სექტორებში შესვლა აუკრძალონ „პარტენოპეელთა” გულშემატკივარებს. თხოვნას ხელი ვერონას პრეფექტმაც მოაწერა. მან თავის მხრივ დადგენილებაც გამოიტანა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მატჩს კამპანიას რეგიონის მაცხოვრებლები თავისუფლად ვერ დაესწრებიან.

სტუმარი გუნდის ტიფოზებისთვის გამოყოფილი რამდენიმე სექტორის გარდა ყველა სხვა სექტორში ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვენეტოს რეგიონის მაცხოვრებლებს ან იმ ადამიანებს, რომელთაც „ვერონას” ერთგულების ბარათი აქვთ.

გასულ სეზონში „ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის დროს პოლიციას რამდენჯერმე მოუხდა მეტოქე გუნდების ქომაგთა შორის ჩადგომა. მეორე დღეს პოლიციის შეფმა 104 Daspo გამოწერა. იტალიაში Daspo (სპორტული ღონისძიებებიდან მოკვეთა) ეწოდება პრევენციულ ზომას, რომელიც 1989 წელს სწორედ სტადიონზე ხულიგნობის საწინააღმდეგოდ შემოიღეს და მოქალაქისთვის სარბიელზე შესვლის ერთიდან ხუთ წლამდე აკრძალვას ან 100-300 ევროთი დაჯარიმებას გულისხმობს. 2017 წლიდან Daspo სპორტის მასშტაბებს გასცდა.