შეიძლება იყოს 5 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაგარი დღეები დაგვიდგა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს უკვე ერთი ოქრო და ერთიც გარანტირებული მედალი აქვთ. გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო გივი მაჭარაშვილი ოქროს ხვალ შეუტევს.

პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა. არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, თითქოს პრობლემები არ უნდა ჰქონოდა. მეტიც, პეტრიაშვილი პირველ სეტში 12:1 დაწინაურდა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ირანელებმა გააპროტესტეს და ჩვენებურს ორი ქულა დააკლეს.

მეორე პერიოდში ზარე გააქტიურდა, ზედიზედ რვა ქულა აიღო და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რამაც ძალიან გვანერვიულა, მაგრამ პეტრიაშვილმა ის შეცდომა, რაც წინა ოლიმპიადაზე დაუშვა აღარ გაიმეორა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.

ოლიმპიურ თამაშებზე პეტრიაშვილს აქამდე ბრინჯაო და ვერცხლი ჰქონდა, მესამე ცდა კი ოქროსფრად დაასრულა.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა გუშინ უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის 11:0 მოუგო; მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 აჯობა; ნახევარფინალში კი ქართული დერბი შედგა და პეტრიაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

ასევე გარანტირებული მედალი აქვს გივი მაჭარაშვილს, ვინაც დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი ნიკოლას დე ლანჟი (12:2) და უკრაინელი მურაზ მჭედლიძე (11:0) უშანსოდ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედ მაგომედოვს (5:0) აჯობა.

ხვალ, ფინალში, მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაეჭიდება.