„ჩელსი” სეზონისწინა შეკრებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ატლანტაში დაბანაკდა, სადაც ლონდონელთა იტალიელმა მწვრთნელმა 44 წლის ენცო მარესკამ პრეს-კონფერენციაც გამართა. dailymail წერს, რომ პრემიერლიგის მწვრთნელებს ჟურნალისტების როგორც წესი არ შურთ, მაგრამ მელოტმა მარესკამ მის წინ მჯდომ ქოჩორა რეპორტიორს აშკარად შურით შეხედა და უთხრა:
„ასეთი თმა ჩემს ცოლს მოეწონებოდა. სამწუხაროდ მე როგორსაც მხედავთ ასეთი ვარ და ყველას ჰგონია, რომ პეპ გვარდიოლას ვბაძავ. ეს მაღიზიანებს, რადგან მე სხვა ადამიანი ვარ. მყავს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები და ოჯახი. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით”
მარესკას ხუმრობით „დიეტურ პეპს” ეძახიან, ის კი აცხადებს, რომ სხვა კაცი და სხვა მწვრთნელია, თუმცა „მანჩესტერ სიტის” თავკაცი მისი ინსპირაციის წყაროა. მარესკა 2020-21 წლებში „სიტიში” გვარდიოლას ასისტენტი იყო.
„როდესაც „ჩელსის” მწვრთნელად დამნიშნეს, პეპს ძალიან გაუხარდა. მას მიაჩნია, რომ ეს დროული ნაბიჯი იყო. დღეს რომ აქ ვარ, გვარდიოლას დამსახურებაა.
მწვრთნელობა 28 წლისამ გადავწყვიტე. მაშინ „სევილიას” ფეხბურთელი ვიყავი. ერთ დღეს, როდესაც „ბარსელონას” შევხვდით, მივხვდი, რომ სხვების მსგავს გუნდს არ ვეთამაშებოდით. იმ დროს უკვე ვაანალიზებდი მატჩებს, იუთუბზე ვარჯიშებს ვაკვირდებოდი. მწვრთნელის პროფესია შემიყვარდა. ეს ცოლ-შვილის სიყვარულს ჰგავს. 2023 წელს, როდესაც „ლესტერის” თავკაცად დამნიშნეს, გუნდის თავმჯდომარესა და სპორტულ დირექტორს შევხვდი. მათ მითხრეს, რომ ისეთი ფეხბურთის თამაში უნდოდათ, როგორსაც „სიტი” თამაშობს. მე ვუპასუხე, რომ არც ისეთივე ფეხბურთელები მყავს და არც იგივე მწვრთნელი ვარ. ეს სტყვები გავიმეორე „ჩელსის” თავკაცობასთანაც. იდეა იდეაა, მაგრამ მისი ხორცშესხმისთვის დრო გვჭირდება. ფეხბურთელებმაც ხომ უნდა გაიგონ, რომ მათგან სხვანაირად თამაშს ვითხოვთ”, — თქვა მარესკამ, რომელსაც დასავლეთ ლონდონელებმა ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.