Mamardashvili against Spain in the Euro 2016 round of 16გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა. ვალენსიურმა და არა მარტო ამ ქალაქის პრესამ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა. ზოგი გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კლუბმა, რომელსაც კარგი ფეხბურთელების პრობლემა აქვს, ამ ზაფხულში ჯერჯერობით ორი კაცი დაიმატა და… ერთი მათგანი მეკარე იყო. გეგონება, ამ პოზიციაზე აკლდა მაღალი დონის მოთამაშე. „ჩეების” ახალი მეკარე გახლავთ ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი, რომელიც გუნდთან ერთად შეკრებაზეა და ამხანაგურ შეხვედრებში კარგად თამაშობს. დიმიტრიევსკი „რაიო ვალეკანოში” თამაშობდა. მას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გაუთავდა და ვალენსიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

დიმიეტრიევსკის დამატება „ღამურების” ხელმძღვანელობას სავარაუდოდ იმიტომ უნდოდა, რომ მამარდაშვილის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ ქართველი გოლკიპერის შეძენის სურვილს ამ ეტაპზე აქტიურად არავინ გამოთქვამს. ყველაზე მეტად „ნიუკასლი”აქტიურობდა, მაგრამ „ვალენსიას” სინგაპურელი შეფები თავიან მეკარეს ძვირად აფასებენ. ამას ისიც დაემატა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩინებული თამაშის გამო ქართველის საბაზრო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამბობენ, რომ მამარდაშვილით ორი წელიწადია დაინტერესებულია „ბაიერნი”, მაგრამ „შავ-თეთრების” მიერ დადებული ძვირი ფასი გერმანელებსაც აფრთხობთ. გარდა ამისა, მათ კარს ლეგენდარული მანუელ ნოიერი იცავს, სამარქაფო კაცად წასვლა კი თავად გიორგის არ უნდა.

შვებულებიდან დაბრუნებულ მამარდაშვილს მანისესის აეროპორტში „ჩირინგიტოს” კამერები დახვდა. ფეხბურთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას კლუბში დარჩენა სურს.

superdeporte-ს ინფორმაციით მამარდაშვილი ქალაქში ფართე ღიმილით დაბრუნდა. ის არასდროს მალავდა, რომ აქ თავს ბედნიერად გრძნობს. გიორგი მადლიერია ადგილობრივი ხალხის და კლუბის, რომელმაც ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა მისცა.

– გინდათ „ვალენსიაში” დარჩენა? – ჰკითხა ჟურნალისტმა მამარდაშვილს.

– დიახ, – უპასუხა ქართველმა მეკარემ, რომელიც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვალენსიური საიტი წერს, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში” რუბენ ბარახას მწვრთნელად მისვლამდეც გამორჩეული ფიგურა იყო, მაგრამ ბარახას ხელში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მან შეამცირა შეცდომების რაოდენობა და საოცარ მოგერიებებს მოუხშირა. ის, რომ „ვალენსია” ბევრ გოლს არ უშვებს და ცხრილში საქმე გასავარდნად არ ჰქონდა, დიდწილად მისი დამსახურებაა.

ოთხშაბათს „ვალენსია” ქალაქის მეორე გუნდს, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს” ხვდება. როგორც AS წერს, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ამ შეხვედრაში უკვე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშონ.