ამ ევრომ ერთი ძველი ინტერვიუ გამახსენა, 18 წლის წინანდელი.

საერთოდ, ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, წლების გასვლასთან ერთად, უამრავი რამ გავიწყდება და მხოლოდ ისეთი რამ შემორჩება ხოლმე მახსოვრობას, მეტისმეტად ღრმად რაც ჩაგებეჭდება ხოლმე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგახსენებთ. 18 წელი გამოხდა მას მერე და რა საკვირველია, რომ უმეტესი ამბები, მით უფრო ვიღაცის კომენტარები აღარ მახსოვდეს. თუმცა არის ერთი ფრაზა, რაც ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და ახლა, გერმანიის ქალაქებში ხეტიალისას ამომიტივტივდა მახსოვრობის რომელიღაც უჯრიდან.

მაშინ, მგონი ფინალის წინ, ფიფას იმდროინდელ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს სთხოვეს ჩემპიონატის შეფასება. მისი პასუხიდან, ერთი ფრაზა ჩამებეჭდა: ჩვენი მიზანი ჩემპიონატის ფესტივალად გადაქცევა იყო და ეს მიზანი შევასრულეთო.

ფესტივალიო…

ამხელა შეჯიბრია, ნაკრებები ერთმანეთს არ ინდობენ, ყოველ გოლს ოქროს ფასი ადევს, გულშემატკივარს ნერვები დაწყვეტაზე აქვს და ამან კიდევ, ფესტივალიო.

საფესტივალო განწყობა საყოველთაო ზეიმს გულისხმობს, როდესაც ყველა კმაყოფილი და ბედნიერია – გამარჯვებული ხომ თავისთავად და დამარცხებულიც კი. არადა, შეჯიბრის არსი ის არის, რომ გამარჯვებული ერთია და დამარცხებულები კი ყველა დანარჩენი.

ამ დროს კაცი იძახის, ფესტივალად გადავაქიეთ ჩემპიონატიო.

იმ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვყოფილვარ. არც იქამდე ვიყავი ნამყოფი რომელიმე ევროზე ან მონდიალზე და მას მერეც 18 წელი ისე გამოხდა, ასეთი რანგის შეჯიბრება ახლოდან არ დამიგემოვნებია. ამიტომ, ბლატერის ის ფრაზა გონებაში კი ჩამებეჭდა, თუმცა სრულად გააზრება გამიჭირდა.

ევრო 2024 | საქართველო 1:1 ჩეხეთი - ეროვნული ნაკრებიევრო 2024 პირველი დიდი ტურნირი იყო, რომელსაც კისერზე ამაყად ჩამოკიდებული აკრეტირებული ჟურნალისტის ბეიჯით დავესწარი და სწორედ იქ, გერმანიაში ამომიტივტვდა მახსოვრობის მტვერდადებული უჯრიდან ბლატერის ის ფრაზა.

ჰოდა, ახლა მინდა აქედან შევუთვალო, 88 წლის ყოფილ პრეზიდენტს: როგორი მართალი ყოფილხართ, მისტერ ბლატერ!

ევრო-მივლინებისას ასობით გულშემატკივარის გავესაუბრე და ჩავწერე.

თურქეთთან წაგებული მატჩის მერე: გულდაწყვეტა კი ბატონო, მაგრამ შედეგით დათრგუნული ერთი ქომაგიც არ შემხვედრია!

ბოლო წამზე ხელიდან გაშვებული მოგების შანსი ჩეხეთთან: გულდაწყვეტა კი ბატონო, მაგრამ დათრგუნული ერთი ქომაგიც არ შემხვედრია!

და განა მხოლოდ ჩვენები?! უთვალავი ალბანელი თუ შოტლანდიელი გულშმატკივარი გადამეყარა და დათრგუნული არავინ ყოფილა! შედეგით გამოწვეულ გულისტკივილს თითქოს ყველა სტადიონი გამოსასვლელში ტოვებდაო, ქუჩებში უკვე ყველას ბედნერი სახე ჰქონდა! დიდ ზეიმზე ყოფნით გამოწვეული სიხარული აღბეჭდვოდათ სახეზე!

ჰოდა, სწორედ მაშინ გამახსენდა მისტერ ბლატერი, 18 წლის წინ რომ თქვა, დიდი შეჯიბრება ფესტივალად უნდა გადავაქციოთო! ვერ შეასრულა, თუ რა?!