13-14 იანვარს „ზამთრის თასი“ მინი-ფეხბურთში მეორედ გაიმართა და ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებიც მეორედ ესტუმრა თბილისს. ორი დღე ესპანელებთან ერთად გავატარე – რისთვისაც მადლობა ფეხბურთის ფედრაციას – და ცოდვა იქნებოდა, არ მესარგებლა შანსით და რამდენიმე საინტერესო ამბავი არ დამეცინცლა მათთვის, ვისაც არ დაეზარა ძველი ამბების გახსენება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ დელეგაციის შეფი და ვეტერანთა ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო ხინერ ხილი, „ვალენსიას“ ყოფილი მცველი ( 1982 -1995 ), 1982 წლის 24 ნოემბერს თურმე თბილისში ყოფილა. 17 წლის ფერნანდო მწვრთნელს მოსკოვის „სპარტაკთან“ უეფას თასის მატჩზე განაცხადში ჰყავდა. მოსკოვური უამინდობის გამო „სპარტაკი“ – „ვალენსია“ თბილისში გაიმართა და ესპანურ გუნდში მაშინ მსოფლიო ჩემპიონი, ქარიზმატული არგენტინელი მარიო კემპესი თამაშობდა.
ჟოან კაპდევილა
ევროპის (2008 ) და მსოფლიოს (2010) ჩემპიონი.
…მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე ყველა მატჩი და ფინალში, ნაკრების შემადგენლობაში, ერთადერთი არაბარსელონელი და არარეალელი ვიყავი. ფინალის წინა დღეს ძალიან ვნერვიულობდი. იმ საღამოს მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ერთ ევროიანი ჩაიდე გეტრში და ისე გადი მოედანზეო. რა სისულელეს მეუბნები მეთქი, ვუთხარი, გეტრში რკინით ხომ არ ვითამაშებდი. გათენდა ფინალის დღე და სტადიონზე წასვლამდე ერთ ევროიანი ხელს მაინც გავაყოლე. ვიფიქრე, მეგობარმა რაც მირჩია, ის რომ არ გავაკეთო და ფინალი წავაგოთ, მერე უნდა ვინანო, რომ არ დავუჯერე. მატჩის წინ გასახურებლად რომ გავედით, მონეტა მოედანზე შევიტანე, დავაგდე და მიწას ჩავაზილე. ჯადოქრობამ გაამართლა და ფინალი მოვიგეთ. მას მერე შვიდი წელი გავიდა და იოჰანენსბურგის „სოკერ სიტის“ სტადიონზე საფარი ჯერაც თუ არ გამოუცვლიათ, მონეტა ისევ იქ იქნება…
…სხვათა შორის, სამხრეთ აფრიკიდან მხოლოდ ოქროს მედალი არ წამომიღია. მესის ბუცები ვთხოვე და მომცა, რონალდუსაც ვთხოვე მერვედფინალის მერე ბუცები და უარი მივიღე.“
ხოსე ემილიო ამავისკა
ესპანეთის ჩემპიონი (1994-95, 1996-97), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1997-98)
…1994 წლის ზაფხულში გადავედი „რეალში“ და პირველად გასახდელში რომ აღმოვჩნდი მაშინდელ „ვარსკვლავებთან“ ერთად, ვიჯექი და მათთვის თვალებში შეხედვის მერიდებოდა. თავდახრილი ვუყურებდი როგორ დადიოდნენ ჩემთან ახლოს სამორანო, ბუტრაგენიო, რაული, ლაუდრუპი და სხვები. თავი სიზმარში მეგონა და ნერვიულობისგან ცოტა კანკალმაც კი ამიტანა. ეტყობა, ეს შეამჩნია მანუელ სანჩისმა, „რეალის“ ლეგენდამ და დავინახე ჩემსკენ რომ წამოვიდა. სანჩისმა მთელი კარიერა ( 18 წელი ) „რეალში“ გაატარა და 13 წელი კაპიტანი იყო. აი, ასეთი კაცი მომიახლოვდა და მკითხა: -„ამავისკა ხარ ?“, კი მეთქი, მორიდებით ვუპასუხე. „ლუდი გიყვარს ?“, ისედაც დაბნეული ვიყავი და ჩამჭრელმა კითხვამ მთლად დამაბნია. ვიფიქრე, რომ ვუთხრა „კი“, იტყვის ეს ვინ მოიყვანესო, ვუთხრა „არა“, იტყვის „ფანტის“ მსმელი მოუყვანიათო. ჰოდა, ასე ვუპასუხე : „ლუდი მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ლუდი. სხვა მაგარ სასმელებს არ ვსვამ“. „თუ ეგრეა, დიდი მომავალი გელის „რეალში“- მითხრა კაპიტანმა და გაბრუნდა. პირველივე სეზონში ათი გოლი შევაგდე და ჩემპიონატი მოვიგეთ“.
ენრიკე ესტებარანსი
ბარსელონა, 1993-94
…რომარიოზე გეტყვით, რაკი ერთი სეზონი ერთად გავატარეთ „ბარსელონაში“. ერთხელ შვებულებიდან დაბრუნება რამდენიმე დღით დააგვიანა და ბარსელონიდან ბრაზილიაში რეკავდენენ და ეძებდნენ. როცა მიაგნეს ჰკითხეს, როდის ჩამოხვალო. უპასუხა, კრუიფმა გამომიშვა და ის კი არ უთქვამს, როდის უნდა დავბრუნდეო.
… იცოდა ფინტების მალულად დამუშავება. საერთო ვარჯიშზე არ გვაჩვენებდა და მატჩის დროს ისეთს გააკეთებდა, სათადარიგოთა სკამზე მსხდომნი ერთმანეთს პირდაღებულნი ვუყურებდით.
…მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატი ბრაზილიამ მოიგო და რომარიო შვებულებიდან ყველაზე ბოლო ჩამოვიდა. დასვენება ისევ თავის ნებაზე გაწელა. მე უკვე აღარ ვიყავი „ბარსაში“, მაგრამ ეს ამბავი მერე გავიგე. მის თანაგუნდელებს კრუიფისთვის უთქვამთ, ჩვენ დაველაპარაკებითო. კრუიფმა არ ურჩია რომარიოსთვის ჭკუის დარიგება, მაგრამ ბაკეროს, ლაუდრუპს, სტოიჩკოვს და კუმანს მაინც გადაუწყვეტიათ საქმის გარჩევა ბრაზილიელთან გასახდელში. რომარიოს მოუსმენია თურმე და უპასუხია: „შენ (ლაუდრუპს) საერთოდ არ ყოფილხარ ჩემპიონატზე, შენ (კუმანს) მეოთხედფინალში მე მოგიგე, შენ (სტოიჩკოვს) ნახევარფინალში წააგე მე კიდევ ჩემპიონი გავხდი. მეგონა მოსალოცად დამიბარეთ ან საჩუქარი მომიზადეთ. ბოდიშს ელით ჩემგან ? ვერ მიიღებთ!“