Milan-Napoli, the probables: Mazzarri with the 3-5-1-1 and Kvara behind Simeoneხვალ „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” ხვდება. „სქაი სპორტმა” ჩამოწერა გუნდების სავარაუდო შემადგენლობები. ტელეკომპანიის აზრით მასპინძლები ძირითადად იმავე შემადგენლობას ათამაშებენ, რომლითაც წინა ტურში „ფროზინონე” დაამარცხეს. მოსალოდნელია ერთადერთი ცვლილება: ნახევარდაცვაში ჰოლანდიელი ტიჯანი რეინდერსის ნაცვლად ფრანგი ისმაილ ბენასერის თამაში. „ნაპოლი” კი წესით ვალტერ მაცარის საყვარელ სამკაციან დაცვას უნდა დაუბრუნდეს, რომლის ცენტრშიც ლეო ოსტიგორი ამირ რაჰმანისა და ჟუან ჟესუსს შეუამხანაგდება. პასკუალე მაცოკი სავარაუდოდ ნახევარდაცვაში, მარცხენა ფრთაზე დაიკავებს ნახევარმცველის პოზიციას. თავდასხმაში მწვრთნელი ჯაკომო რასპადორიზე მეტად ჯოვანი სიმეონეს ენდობა, მატეო პოლიტანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ჯერ მაინც შესამოწმებელია. შესაბამისად, დღეს ზუსტად არავინ იცის როგორი იქნება „პარტენოპეელთა” განლაგება. ჯერჯერობით კი „სქაი სპორტის” ვერსიით მეტოქეები ერთმანეთს ასეთი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან:

მილანი (4-2-3-1): მენიო – კალაბრია, კიაერი, გაბია, ერნანდესი – ადლი, ბენასერი – პულიშიჩი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო – ჟირუ.

ნაპოლი (3-5-1-1): გოლინი – ოსტიგორი, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი – დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, მაცოკი – კვარაცხელია – სიმეონე.

„სქაის” გადაცემაში „ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობაზე ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ ილაპარაკა. მან თქვა: „პოლიტანოს ჯანმრთელობა შესამოწმებელია. პიოტრ ჟელინსკიმ, ალექს მერეტმა და მატიას ოლივერამ უკვე გუნდურ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. ჟელინსკის გარშემო შექმნილი მდგომარეობა მაცარის ალბათ ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის. თუ ექიმები იტყვიან, რომ პოლიტანოს თამაში შეიძლება, მაშინ მწვრთნელმა შესაძლოა ხუთ ნახევარმცველზე უარი თქვას და შუა ხაზში ოთხი ფეხბურთელი ათამაშოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ნაპოლი” ითამაშებს ხუთი ნახევარმცველით, რომელთაგან ერთ-ერთი ჯოვანი დი ლორენცო იქნება. თავდასხმაში მოსალოდნელია, რომ ხვიჩა კვარაცხელია შედარებით შუისკენ იქნება შეწეული. ითამაშებს პოლიტანო? მაშინ მაცარი სამ თავდამსხმელს გამოიყვანს. ვერ ითამაშებს? მაშინ წინ კვარა და სიმეონე იქნებიან”.