ფეხბურთი იცვლება. ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, იგონებენ ახალ წესებს. წითელ და ყვითელ ბარათებთან ერთად გაჩნდა ლურჯი ბარათების ამოქმედების ანუ ფეხბურთელების დროებით, ათი წუთით გაძევების იდეა. სერია A-ს წამყვანმა კლუბებმა კი ამასობაში გადაწყვიტეს თავიანთ სატკივარს მოუარონ და გადატვირთული კალენდრისგან იხსნან თავი. „ინტერმა”, „მილანმა” და „იუვენტუსმა” იტალიის საფეხბურთო საზოგადოებას ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება შესთავაზეს. მათ უნდათ, რომ იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში ოცის ნაცვლად თვრამეტი გუნდი თამაშობდეს. გუშინ ხსენებული კლუბების წარმომადგენლები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში ტოპ-მენეჯმენტს შეხვდნენ.
შეხვედრაზე „ინტერს” წარმოადგენდა აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა, „იუვენტუსს” აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო და შემოსავლებისა და ფეხბურთის განვითარების დირექტორი ფრანჩესკო კალვო, ხოლო „მილანს” პრეზიდენტი პაოლო სკარონი, რომელიც თათბირს ინტერნეტით შეუერთდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სერია A-ში გუნდების რაოდენობის შემცირებაზე პირველად არ დაუწყიათ ლაპარაკი. თავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ იანვარში, Il Foglio-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რეფორმების დროა: „2024 რეფორმების წელიწადი იქნება. გეზი დასახულია. კლუბებს, შორის ეკონომიკურად მდგრადი ურთიერთობები, ეკონომიკური მდგრადობა ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის, ახალგაზრდების როლის გაზრდა — აი, ეს იქნება ჩვენი ცენტრალური თემები. მე პირადად მაქვს რამდენიმე წინადადება, რომელთაც განსახილველად შემოვიტან. დროა ფეხბურთის სტრუქტურის შემადგენელმა თითოეულმა კომპონენტმა გადადგას ნაბიჯი უკან, რათა ამას მოჰყვეს ხუთი ნაბიჯი წინ.
ცვლილებების არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენს სისტემაში არსებობს პოზიციიდან გამომდინარე სარგებელი, რომელთა გამო მავანმა დაუყოვნებლივ შეიძლება დაბლოკოს ყველა დისკუსია. მე მარტამდე დავნიშნე შეხვედრები, რომლებმაც წესით შედეგი უნდა მოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდად დავაყენებთ საკითხებს კენჭისყრაზე და დელეგატები თავიანთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ფუჭი სიტყვების ნაცვლად კონკრეტული წინადადებები გვჭირდება”.