დღეს „ნაპოლი” ტურინში „ტორინოსთან” თამაშობს. სტატისტიკის თანახმად „აძური” იმ გუნდებს შორის არის, რომლებიც ხშირად არ ჯარიმდებიან, მაგრამ მისი ხუთი ფეხბურთელი მაინც რისკის წინაშე დგას — ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ჩემპიონს შემდეგი თამაში შინ აქვს, 13 იანვარს „სალერნიტანას” მასპინძლობს.

ზემოთ ხსენებული ხუთი ფეხბურთელი გახლავთ: იენს კაიუსტე, ჯოვანი დი ლორენცო, მარიო რუი, ხვიჩა კვარაცხელია და ახალნაყიდი პასკუალე მაცოკი, რომლის ყვითლებიც „ნაპოლისთან” კავშირში არ არის. პარადოქსია, რომ „პარტენოპეელთა” ჩამოთვლილი მოთამაშეები ალალი თამაშით გამოირჩევიან. მსაჯები მათ ძირითადად პროტესტებისა და პროვოკაციებზე წამოგების გამო აფრთხილებენ, მაგრამ ასეა თუ ისე, ყვითელი ყვითელია და „ნაპოლისთვის” რთულ პერიოდში ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია დამატებით პრობლემას შექმნის.

ნეაპოლელთა თავკაცმა ვალტერ მაცარიმ ბოლო პრეს-კონფერენციაზე კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება. მწვრთნელმა თქვა, რომ ხშირად ქართველ გარემარბს ფეხებში მაშინ ურტყამენ, როდესაც ბურთი მოედნის სულ სხვა მონაკვეთზეა. მოთამაშეზე ასეთი ნადირობა სიმახინჯეა. მსგავსი ეპიზოდების დანახვა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით უკვე შესაძლებელია. პროვოკაციების ობიექტი კი ნერვებს ჰყვება და აგრესიულ მოწინააღმდეგეებს პასუხს სცემს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პასუხები გულუბრყვილოა და ვერავის დააზიანებს, მსაჯები მას მაინც ყვითელი ბარათით სჯიან, არადა პირიქით, სწორედ ქართველს და მის მსგავს გამორჩეულ ფეხბურთელებს სჭირდება დაცვა.