Federico Gatti of Juventus is scoring his first goal in the Serie A soccer match between Juventus FC and SSC Napoli at the Allianz Stadium in Turin,...„ნაპოლიმ” ტურინის „ალიანს სთედიუმი” ძვლებში დამტვრეულმა დატოვა. „იუვესთან” ქულების მოპოვებას სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია მაცარის გუნდმა ზოგადად კარგად ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ ხომ შედეგი ფასობს. შედეგი კი ასეთი იყო: მეორე ტაიმის დასაწყისში გატის მიერ გატანილი გოლით „იუვენტუსმა” 1:0 მოიგო. შეცდომა, რომელიც კვარაცხელიამ პირველ ტაიმში დაუშვა, ძვირი დაჯდა. ჟელინსკიმ ოსიმენს მიაწოდა პასი, მან კი ქართველი შჩესნისთან პირისპირ შეიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შესაძლებლობა გაანიავა. ეს იყო უზუსტობა, რომელსაც მძიმე ლოდის წონა აღმოაჩნდა.

სად არის გამარჯვება?

კვარა შეცდა, რაჰმანი შეცდა და გატის გოლი გაატანინა, მთლიანობაში „ნაპოლი” დამარცხდა. როგორც ვთქვით, საბოლოოდ რიცხვებს ითვლიან, რომელთა თამახმად „აძურიმ” ზედიზედ სამი თამაში წააგო — „რეალთან”, „ინტერთან” და „იუვენტუსთან”. ასეთი რამ 2016 წლის მერე არ მომხდარა. მაშინ მწვრთნელი სარი იყო, გუნდმა კი „ატალანტასთან”, „რომასთან” და „ბეშიქთაშთან” იწვნია მარცხი. პრობლემებია შედეგებში, ფეხბურთელები მშვიდად არ არიან, ოსიმენს უკვე ორი თვეა გოლი არ გაუტანია. მეორე მხრივ, თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს თვე რთული იქნებოდა: „ნაპოლიში” მწვრთნელი შეიცვალა, ხოლო მაცარის გუნდთან სამუშაოდ დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა.

დამნაშავე

დე ლაურენტისით დაწყებული ყველა დამნაშავეა. რასაკვირველია, პრეზიდენტი საბანკო ანგარიშების მენეჯმენტსა და ფინანსური ბალანსის საკითხებში უზადო იყო, მაგრამ ფეხბურთში შედეგებს ვხედავთ და ვასკვნით, რომ ეს გუნდი ნამდვილად შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. თუ არ გაძლიერდებოდა, შარშანდელ დონესთან ახლოს მაინც უნდა დარჩენილიყო. „ნაპოლის” ხეირი სატრანსფერო ბაზრისგანაც მიუღია.

არც ფეხბურთელები არიან უდანაშაულონი. ისინი მიღწეულით აშკარად დაკმაყოფილდნენ, არადა გასულ სეზონთან შედარებით შედეგიანობამ დაიკლო.

გადავიდეთ მწვრთნელებზე. გარსიამ აქა და იქ კატასტროფები მოაწყო. მაცარისგან ორ კვირაში სასწაულს არ ველოდით, მაგრამ ვერც ზედიზედ სამმა წაგებამ დაგვაწყნარა. მეორე მხრივ, ახალი მწვრთნელის სამსახური კითხვისნიშნის ქვეშ არ დგას, რადგან, როგორც ვახსენეთ, ბევრი შემამსუბუქებელი გარემოება იყო.

ჩემპიონის რისკი

ახლა კი ნამდვილი თავგადასავალი იწყება. ალიბი გამოილია, გადავდივართ ქულების თვლაზე. ვიწყებთ სამშაბათიდან, „ბრაგასთან” შეხვედრიდან, რომელშიც „აძურიმ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური უნდა მოიპოვოს, რასაც მოსდევს მატჩები „კალიარისთან”, სტუმრად „რომასთან” და „მონცასთან”. ეს სამი შეხვედრა იტალიის ჩემპიონატისაა და გულშემატკივარი 9 ქულიდან შვიდს მაინც ელის. მათ შორისაა ჩასმული სათასო დაპირისპირება „ფროზინონესთან”.

რაც შეეხება მიზნებს, ჩემპიონობაზე ლაპარაკი დასრულებულად უნდა გამოვაცხადოთ. „ინტერთან” 14 ქულიანი ჩამორჩენაა და თან „ნაპოლი” სტაბილურად ვერ თამაშობს, მაშინ როდესაც სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები სტაბილურობას ინარჩუნებენ. დღეიდან ასე შეიძლება ვთქვათ: „ნაპოლის” წარუმატებლობა უნდა ვუწოდოთ ტოპ ოთხეულში ვერ შესვლას. დე ლაურენტისმა თქვა, ყოველ წელიწადს ჩემპიონი ვერ გახდებიო (ასეთი რამ მარტო „იუვეს” შეუძლია), მაგრამ სკუდეტოს მოგების შემდეგ წელიწადსვე ჩემპიონთა ლიგაში ვერ გასვლა ნამდვილად არ ივარგებს.

ჯოვანი ანუნციატა, calciomercato