September 16 - Vancouver Whitecaps Javain Brown fights to get the ball from Toronto FC Lorenzo Insigne during second half action at BMO field in...„ნაპოლის” ყოფილი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე ნეაპოლისადმი ნოსტალგიას ვერ მალავს. ის MLS-ში გატარებული მეორე ჩემპიონატის შემდეგ კამპანიის დედაქალაქში დაბრუნდა და SKY სპორტს ინტერვიუ მისცა:

„მართალია მე და ჩემი ოჯახი ტორონტოში დიდებულად ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერი მენატრება რაც ნეაპოლთან არის დაკავშირებული. „მარადონაზე” დაბრუნება ძალიან ემოციური იყო. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რასაც შემდეგ მივაღწიე — ვითამაშე „ნაპოლიში” და კაპიტნის სამკლაური მეკეთა.

„აძურიში” მთელი ცხოვრება სიამოვნებით ვითამაშებდი. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. და მაინც, რაც იყო დიდებული გახლდათ. მაურიციო სარის ხელმძღვანელობით ჩვენ ჩემპიონობას ვიმსახურებდით, მაგრამ მაშინ თითქმის მიღწეული ხელიდან გაგვისხლტა. „ნაპოლის” ჩემპიონობა ტორონტოში ვიზეიმე. ვიცი, რას ნიშნავდა ეს სკუდეტო მთელი ქალაქისთვის. მშურს თუ არა? არავითარ შემთხვევაში. მე ყოველთვის „ნაპოლის” პირველი გულშემატკივარი ვიქნები.

ახლა „ნაპოლის” „იუვენტუსთან” უწევს თამაში. ბევრჯერ ვყოფილვარ „იუვეს” წინააღმდეგ როგორც ფეხბურთელი და როგორც ქომაგი. მათ კარში გოლის გატანა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იმედი მაქვს, რომ „ნაპოლი” ტურინში ისეთ ფეხბურთს ითამაშებს, ჩვენს გულშემატკივარს რომ გაეხარდება.

კვარას შესახებ გაგონილი არ მქონდა, მაგრამ გასულ სეზონში ვუყურე, თუ რა ფასეულობა შესძინა მან „ნაპოლის”. არაჩვეულებრივი რაღაცები აკეთა.

ვიქტორ ოსიმენს კი ვურჩევდი „ნაპოლიდან” წასვლას ნუ იჩქარებს. იმ ემოციას, რომელიც შარშან აქ შეიგრძნო, სხვაგან ვერსად ნახავს. სხვა კლუბის მაისურით ჩემპიონობა სხვანაირი იქნება. იმედი მაქვს, რომ ის ნეაპოლში დიდხანს დარჩება და მის დასატოვებლად კლუბი ძალიხმევას არ დაიშურებს. ოსიმენის ბადალი თავდამსხმელი ბევრი არ არის”.