„ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობა იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მას გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” სარედაქციო წერილების ავტორი ანტონიო კორბოც გამოეხმაურა. კორბომ „აძურის” პრობლემებზე რადიო CRC-ის გადაცემა Si Gonfia la Rete-ში ისაუბრა. ეს მისი საავტორო გადაცემაა.
ჟურნალისტმა კრიტიკული გამოსვლა მწვრთნელის რუდი გარსიას „გიჟური ტაქტიკური შეცდომებით” დაიწყო. მან აღნიშნა, რომ ფრანგი ვერ ახერხებს გუნდში მიმდინარე პროცესებზე სწრაფ, ადექვატურ რეაგირებას, რაც „ნაპოლის” სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შემდეგ „ლა რეპუბლიკას” ანალიტიკოსი პრეზიდენტ დე ლაურენტისის თემასაც შეეხო:
„რას ფიქრობს დე ლაურენტისი? ის ალბათ წმინდა იანუარიუსს მოწყალებას ევედრება. დღეს მისი გუნდი სრულიად დაბნეულია. თვალწინ გვაქვს მწვრთნელის რამდენიმე გიჟური ტაქტიკური შეცდომა.
კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა გაუგონარი რამ იყო. ელმასს ბურთი საერთოდ არ მიუვიდა. ვფიქრობ, გარსიას ტაქტიკური რეაქციები ნაგვიანევია. ვერ ვხედავ, რომ „ნაპოლის” პრობლემების გამოსასწორებლად ის ადექვატურ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეს…
…დე ლაურენტისმა კი სპალეტის „მილანთან” 0:4 წაგება ვერ აპატია. „ნაპოლის” „შავი აპრილი” ორჯერ განმეორდა. ეს რასაკვირველია ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონა, მაგრამ, საბედნიეროდ მან საბოლოო შედეგს ვერაფერი ავნო”.
შემდეგ კორბომ სენსაციური რამ თქვა: „დე ლაურენტისი მწვრთნელის გამოცვლის ვარიანტს არ გამორიცხავს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამაზე ფიქრობს, ოღონდ, ცხადია არავის ეუბნება. მე რომ „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემა შემეძლოს, ვეტყოდი, ვითომ-მეგობრებს ყური არ დაუგდოს. ყველაზე ცუდი სამსახური, რაც ახლა შეიძლება კაცმა დე ლაურენტისს გაუწიოს, მისი ბრაზის გაღვივებაა. პირიქით, მას რაციონალური გადაწყვეტილებებისკენ უნდა უბიძგონ. გასულ სეზონში იყო ასეთი კაცი, ჯიუნტოლი, რომელიც პრეზიდენტს სწორად ფიქრისკენ უბიძგებდა. დღეს ვის შეუძლია იმავეს გამეორება?”
კორბომ დე ლაურენტისი ფეხბურთელებისადმი არასწორი დამოკიდებულების გამოც გააკრიტიკა. მან თქვა: „ფეხბურთელისთვის პრეზიდენტი მამის მსგავსი ფიგურა უნდა იყოს და არა მტერი. განა ის, რომ ოსიმენთან მოლაპარაკებები ჯერაც არ დამთავრებულა, ნორმალურია? თუმცა, ეს ნიგერიელის აგენტის ბრალიც არის. მანაც ვერ მიაგნო გადაკვეთის წერტილს. ის უკვე თორმეტჯერ შეხვდა პრეზიდენტს და ეს მაფიქრებინებს, რომ ყველაზე კარგად მანქანის ტარება ეხერხება”.
თუმცა ბოლოს კორბომ „ბრაგასა” და „ბოლონიასთან” შეხვედრების წინ იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის კლიმატის წყალობით გარდატეხის მომენტი დადგება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
