ოლე ეინარ ბიორნდალენი! გეუბნებათ რამეს ეს გვარსახელი? ეს იმათ ვეკითხები, ზამთრის სპორტს რომ არ სწყალობენ, თორემ მოყვარულებმა კი იციან ყველა დროის უდიადესი ბიატლონისტის საოცარი ისტორია.
1994 წელს 20 წლის ოლე ეინარმა პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. ცნობისათვის, იმ წელს დაიბადა ნორვეგიული ბიატლონის დღევანდელი ლიდერი იოჰანეს ბო. არადა, ოლე კვლავაც თხილამურებზე დგას და კვლავ ისვრის შაშხანიდან. 44 წლისაა! ზურგს უკან მოტოვებული ექვსი ოლიმპიადის შემდეგ!! უდიდეს სტარტებში 24-გზის მონაწილეობის შედეგად პოდიუმზე 21-გზის ასვლის შემდეგ!!! რვა ოლიმპიური ოქროს შემდეგ!!!
ჰოდა, აი ეს კაცი ოლიმპიადის მიღმა დატოვეს. ნორვეგიელთა სამწვრთნელო შტაბმა განაჩენი გამოიტანა – ოლე მხოლოდ მეექვსეა ნორვეგიელთა შორის და სამხრეთ კორეაში მისი წაყვანა სპორტული პრინციპების დარღვევა იქნებაო. არადა, ბიორნდალენი სთხოვდა, ოლიმპიადამდე დარჩენილი ბოლო სტარტის შემდეგღა დაასახელეთ ნაკრების შემადგენლობაო. არ უსმინეს.
ნაწყენია ოლე. აზარტული კაცის განაწყენება კი სახიფათოა. ყველა დროის უდიადესმა წელს ევროპის პირველობაზე გამოსვლა უკვე გადაწყვიტა და მომავალ წელს მსოფლიო პირველობაზე გამოსვლაზეც სერიოზულად ფიქრობს.
ოლიმპიადა აშკარად მოისაკლისებს ოლეს. მეც დამწყდა გული. ამიერიდან ბიატლონში ოლე ეინარ ბიორნდალენის ეპოქა ფანტასტიური ფრანგის – მარტინ ფურკადის ჰეგემონიამ ჩაანაცვლა, თუმცა სპორტული შედეგების მიუხედავად, მასაც გაუჭირდება ზამთრის სპორტის პელეს, მარადონას და მესის (ერთად აღებულის) დაჩრდილვა.