„მილანმა” „სან სიროზე” „ტორინოს” 4:1 მოუგო. მილანელთა ოთხი გოლიდან ორი პენალტით გავიდა. ორივე ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ამ ფაქტს ნეაპოლურ მედიაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. კამპანიის დედაქალაქში სწამთ: ეს იყო მორიგი დადასტურება იმისა, რომ იტალიაში მსაჯები „ჩრდილოეთის სამეულს” ეხმარებიან. „ჩრდილოეთის სამეულში” „მილანი”, „ინტერი” და „იუვენტუსი” იგულისხმება.

ჟირუს გარდა ტურინელთა კარში გოლები გაიტანეს კრისტიან პულიშიჩმა და თეო ერნანდესმა.

მატჩის დამთავრების შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კომენტარები: „ეს იყო აბსურდული პენალტი”, „მსაჯმა არ არსებული თერთმეტმეტრიანი დანიშნა” და ა.შ.

ამასთან, „ნაპოლის” გულშემატკივარს გაახსენდა, რომ მათ გუნდს პირველ ტურში, ფროზინონეში გოლი არ ჩაუთვალეს და ამან რწმენა, რომ მსაჯები ჩრდილოეთის გუნდებს ეხმარებიან, კიდევ უფრო გაუმძაფრა. პორტალ napolipiu-ს თქმით ვინაიდან მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურშივე გაჩნდა ეჭვი, რომ მსაჯებს თავიანთი პრიორიტეტები აქვთ, საჭიროა მათი ყოველი ნაბიჯი გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცეს.

„მილანისა” და „ტორინოს” შეხვედრაში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: „სან სიროზე” განათების ნაწილი გამოირთო. მსაჯმა მაურიციო მარიანიმ ცოტა ხანი მოიცადა, შემდეგ კაპიტნები დავიდე კალაბრია და  რიკარდო როდრიგესი მიიხმო და ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა გუნდები ასეთ განათებაში თამაშს. მათ უპასუხეს, რომ შეძლებდნენ და მატჩიც გაგრძელდა.