osimhen„ნაპოლი” ვიქტორ ოსიმენთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს კასტელ დი სანგროში გააგრძელებს. გაირკვა, რომ ნიგერიელს ხელმოწერის გაჯანჯლება მეგობრებმა და ნათესავემბა ურჩიეს. მათ მიაჩნიათ, რომ ის გაცილებით დიდი ხელფასის ღირსია და შეუძლია კიდეც გადავიდეს კლუბში, სადაც მეტს გადაუხდიან. ფაქტია, რომ „პარი სენ ჟერმენს” „ნაპოლისთვის” ოსიმენთან დაკავშირებით არ მიუმართავს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პარიზელებმა „პარტენოპეელთა” ზურგსუკან თავად ნიგერიელს ან მის გარემოცვას მიმართეს და ფეხბურთელის ქცევაც ამით არის განპირობებული.

ვიქტორ ოსიმენის თემაზე ნეაპოლურმა „ილ მატინომ” დაწერა:

„ცხადი გახდა, რომ მას ჯერ კიდევ დარწმუნება სჭირდება. ის ყოყმანობს. იგი მეგობრების, შუამავლების და ნათესავების გავლენის ქვეშ მოექცა; სწამს, რომ „ნაპოლი” უფრო ნაკლებ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე სხვაგან შეუძლია მიიღოს. ცეცხლზე ნავთი დაასხა აურელიო დი ლაურენტისის მიერ დიმაროში ნათქვამმა (რომელმაც კონტრაქტის ვადის გასვლასთან ახლოს მყოფი ყველა ფეხბურთელი გააღიზიანა), რომ ახლა გამოჩნდება სინამდვილეში ვის უყვარს კლუბის მაისურა და ვის სხვა ნაპირებისკენ მიუწევს გული. ამ არგუმენტმა „აძურის” პატრონის სასარგებლოდ არ იმუშავა.

„პარი სენ ჟერმენს” „ნაპოლის” კარზე არ დაუკაკუნებია, მაგრამ შესაძლოა ის ოსიმენის კარზე აკაკუნებდა”.

საინტერესოა, რომ დიმაროში შეკრების შემდეგ მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენება მისცა, რომლითაც ოსიმენმა დაუყოვნებლივ ისარგებლა და პარიზს გაეშურა, თუმცა კონსპირაციულად არ გამგზავრებულა. ის იქაც არიგებდა ავტოგრაფებს და გულშემატკივრებთან ფოტოებს იღებდა.