ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი Soccernet.ng-ს თავის ამბიციებზე და 2022-23 წლების საოცარ სეზონზე ელაპარაკა.

24 წლის ფორვარდმა ნეაპოლელთა საჩემპიონო სეზონში, სერია A-ში 26 გოლი გაიტანა. ყველა შეჯიბრებაში ერთად მან 31-ჯერ შეაგდო. ის დაასახელეს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად. როგორც ნიგერიული პორტალი წერს განსაკუთრებით საამაყოა, რომ Transfermarkt-მა ის 120 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსიმენი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. იმავე Transfermarkt-ზე წერია, რომ იტალიის ლიგაში განხორციელებულ(!) ტრანსფერთა შორის სიძვირით გამოირჩეოდა კრიშტიანუ რონალდუს (117 მილიონი), პოლ პოგბას (105), გონსალო იგუაინის (90), ზინედინ ზიდანის (90) და სხვა ტრანსფერები.

„მე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოვიპოვე და ეს გავაკეთე ისეთ კლუბში, რომელიც მცირე გარჯასაც გიფასებს. სკუდეტოს მოგება ჩემთვის დიდი მიღწევაა. ამიერიდან ყველაფერი რაც მას მოჰყვება, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა, ლიგის თასი თუ სხვა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს,” — თქვა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა.

2015 წელს, 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ოსიმენს პროფესიულ ფეხბურთში დამკვიდრებისთვის დრო დასჭირდა. თავიდან ის ბუნდესლიგის „ვოლფსბურგში” გადავიდა, მაგრამ იქ ტრავმამ გააწამა, რის გამოც საკუთარი ძალებში დაეჭვდა და ბელგიაში, კერძოდ „შარლერუაში” გაანათხოვრეს. ბელგიიდან მოყოჩაღებული ოსიმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ლილში” მოხვდა, რომელმაც სამი სეზონის შემდეგ ფეხბურთელი „ნაპოლის” მიჰყიდა. მაშინ აფრიკის სატრანსფერო რეკორდი დამყარდა.

„ახლა დაუღალავი მუშაობა უნდა განვაგრძო. ტიტულომანი გავხდი, ვინაიდან ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის სკუდეტო პირველი ჯილდო იყო”, — ამბობს თავდამსხმელი.

ნიგერიელისადმი ინტერესი მთელს მსოფლიოში გაიზარდა, გამოჩნდნენ მისი შეძენის მსურველები, მაგრამ „ნაპოლიმ” ის 150 მილიონ ევროდ დააფასა და მყიდველები დააფრთხო.

ნეაპოლში ოსიმენი საკულტო გმირია. მისი ნიღაბი გულშემატკივრისთვის ტოტემია. მხატვრები კედლებზე მურალებს ხატავენ.

„ფეხბურთზე ასე გაგიჟებული ქალაქი არ მინახავს, — თქვა ოსიმენმა, — ნეაპოლელები ყველა მოთამაშის მიმართ დიდ სიყვარულს ამჟღავნებენ. სადაც კი მივდივარ, პატივისცემას ვგრძნობ. ბავშვებს ვუყვარვარ. ბევრი ადამიანი მაღმერთებს. მე მათი კერპი ვარ. ისინი ჩემი ნიღბის ასლებს იკეთებენ. ეს ყველაფერი კი იმ დიდ შრომაზე მიუთითებს, რომელსაც მე მათთვის ვწევ. ჩემთვის, ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.

ბედნიერი ვარ, აქ რომ გადმოვედი. სწორი ადგილი რომ ავარჩიე. ნეაპოლელებთან ერთად ასეთი მიღწევების გამო მე დილაობით ყოველთვის ღიმილით გავიღვიძებ. ჩემი შვილები და შვილიშვილები მიხვდებიან, რომ მათმა მამამ ან პაპამ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა”.