კრისტოფ გალტიე შესაძლოა ნამდვილად გახდეს „ნაპოლის” მწვრთნელი. ამის ერთ-ერთი მტკიცე მინიშნება გალტიეს სამშობლოში, საფრანგეთში გამოჩნდა.
იქ, გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა „ეკიპმა” მწვრთნელისა და „აძურის” თემას არც მეტი-არც ნაკლები პირველი გვერდი მიუძღვნა.
ყველაზე დიდტირაჟიანი ფრანგული სპორტული გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილია სურათი, რომელზეც გამოსახულია გალტიე „ნაპოლის” ემბლემის ფონზე.
ეგრეთწოდებული ჰედლაინი ასეთია: „გალტიე ვულკანის ძირში”.
ფოტოს მიმდებარე ტექსტში წერია: მწვრთნელის ძიებაში მყოფმა „ნაპოლიმ” უპირატესობა გალტიეს მიანიჭა. „პარი სენ ჟერმენის” შემდეგ ფრანგი სპეციალისტი შესაძლოა ახალ დიდ გამოწვევას შეერკინოს — იტალიის ჩემპიონს ჩაუდგეს სათავეში”.
ნეტავ რას ნიშნავს „ეკიპის” მხრიდან თემის ასეთი წამოწევა? ნიშნავს კი ეს იმას, რომ მოლაპარაკებები გალტიესა და დე ლაურენტისს შორის უკვე დამაგვირგვინებელ სტადიას უახლოვდება?
შეგახსენებთ, რომ „დიეგო მარადონაზე” გადაბარგების შემთხვევაში გალტიე თავის ყოფილ ფეხბურთელს ვიქტორ ოსიმენს შეუერთდება, რომელსაც ის „ლილში” წვრთნიდა.