ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა

Home აქეთურ-იქითური ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა
ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა

Head coach Luciano Spalletti of SSC Napoli looks on during the Serie A match between US Sassuolo and SSC Napoli at Mapei Stadium - Citta' del...ფარდა დაეშვა. ეს უყო ლუჩანო სპალეტის ბოლო პრეს-კონფერენცია „ნაპოლის” მწვრთნელის რანგში. მან თქვა:

„დღეს ფიქრებით ყველა იმ ადამიანთან ვარ, ვისაც ამ ორი არაჩვეულებრივი წლის განმავლობაში შევხვდი. ნეაპოლის წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ის წარმოსახვის ფარგლებს სცილდება. ნეაპოლში უნდა იცხოვრო. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეტყობა ცოტათი ნეაპოლელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ იმისათვის, რომ სრულად ნეაპოლელი გავმხდარიყავი, ეს ორწლიანი გამოცდილება მჭირდებოდა.

მინდა მადლობა ვუთხრა განსაკუთრებული ფეხბურთელების ჯგუფს,  მთელს მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს გულშემატკივარს და ბავშვებს, რომლებიც გარს მერტყნენ.

დე ლაურენტისისთვის ხელის მოხვევა? მე არ მინდა, რომ ლაპარაკობდნენ, თითქოს ჩვენს შორის განხეთქილებაა. ჩვენ ჩინებულად ვთანამშრომლობდით. ხელის გადახვევის აზრი ის იყო, რომ ყველასთვის მეჩვენებინა — ჩვენს შორის წყალქვეშა ქვები არ არის. მასთან თანამშრომლობამ მე უფრო ბიზნესმენი გამხადა, ის კი ჩემი გავლენით უფრო მწვრთნელი გახდა.

როდესაც შევატყვეთ, რომ სკუდეტოს ვიგებდით, ბიჭებთან დავიწყე ლაპარაკი ქალაქზე, რომელიც სიხარულისა და სიამოვნებისგან აფეთქდებოდა. დღეს ვხვდები, რომ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა, რაზე ვლაპარაკობდი. სინამდვილემ ყოველგვარი წარმოსახვა დაჩრდილა. გადამწყვეტი მომენტი არ გვქონია, ჩვენ გვქონდა გადამწყვეტი მენტალიტეტი და მთავარი როლი სწორედ მან ითამაშა. ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც მეგობრებისგან და პროფესიონალებისგან შედგებოდა, ენთუზიაზმითა და თავდადებით მიიყვანა საქმე ბოლომდე. ახლა თქვენ შეგიძლიათ ცხადად დაინახოთ, თუ რატომ აქვს ამ ჯგუფს დიდი მომავალი.

მე არ ვიცი ვინ მოვა ჩემს ადგილზე. არც ის ვიცი, ვინ ვურჩიო კლუბს. ჩვემთვის ყველაზე ძნელი ამ ხალხის დატოვებაა. გული და ეგო მეუბნება, რომ უნდა დავრჩე, რადგან აქ არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელზეც დიდი წარმატებების აგება შეიძლება. მაგრამ სწორედ ის სიყვარული, რომელსაც აქაურობის მიმართ განვიცდი წასვლას მაიძულებს.

ნეაპოლის საპატიო მოქალაქედ არჩევამ საოცრად გამახარა. მე გავხდი ნეაპოლელი და თავს ბედნიერად ვგრძნობ. მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ ათი წლის შემდეგ კვლავაც შევძლებ აქ ჩამოსვლას და ისევ მეგობრები დამხვდებიან. ჩვენ მომავალშიც გვექნება ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა.

დე ლაურენტისთან სადილზე ყველაფერი თხუთმეტ წუთში გადაწყდა. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ერთი ხნის წინ უკვე მიღებული მქონდა. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომელიც იმ შეხვედრის წინაპირობა გახდა და იქ მოვილაპარაკეთ, რომ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი გამოაცხადებდა.

მივდივარ და ეს გულს მტკენს. დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ გარწმუნებთ, იმიტომ არ მივდივარ, რომ აღარ მიყვარს. პირიქით, მიყვარს და ყველაფერი გავიღე”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.