„ვალენსია” აღშფოთებულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „მესტალიაზე” მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნას ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და მეორეც იმიტომ, რომ „ვინისიუსის საქმეს” სოციალურ ქსელებში „ვალენსიას” ფეხბურთელების ბულინგი მოჰყვა. ვალენსიური საიტები წერენ, რომ ეს სახიფათო აგრესია „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და იმ ჟურნალისტებმა გამოიწვიეს, რომელთაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გართულებმა აშკარად გადააჭარბეს.
აგრესიის ყველაზე დიდი ნიაღვარი ბრაზილიელ მცველს გაბრიელ პაულისტას დაატყდა თავს. „აი, კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომელსაც ჰგონია, რომ ევროპელია. გარანტიას გაძლევ, მარად ბრაზილიელად დარჩები”; „შენ წახვედი „ვიტორიადან”, რომელსაც დიდი შავი ისტორია და ყველაზე მეტი შავკანიანი გულშემატკივარი ჰყავს. და ამ კლოუნს იცავ?”; „შენ ჩვენი წარმომადგენელი არ ხარ. ისწავლე როგორ უნდა გახდე უკეთესი ადამიანი”. პაულისტას ლანძღვამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ კლუბმა ტვიტერზე მისი დასაცავი ტექსტი გამოაქვეყნა: „ჩვენი კაპიტანი მოედანზე და მის მიღმა სამაგალითოა”.
ლანძღვა-გინება არც „ვალენსიას” სხვა ფერადკანიან მოთამაშეებს აცდათ. „ახლა ენა მუცელში ჩაიგდე?”; „მიდი, შენს ფანებს ჩააბარე ანგარიში”, — შეუტიეს ფრანგ მუკტარ დიაკაბის. ეს სწორედ ის დიაკაბია, რომელიც ორი სეზონის წინ „კადისის” ფეხბურთელს ხუან კალას რასისტული შეურაცხყოფის გამო უჩიოდა.
არც ამერიკელ იუნუს მუსას დააკლეს: „დაიცავი შენი რასა, პატივი ეცი შენს ფერს!”; „ეს რა ჯანდაბაა, ძმაო. შენც შავი არ ხარ? შენი გუნდისა ვინი ჟუნიორის ამბავზე ხმა რატომ არ ამოიღე? სირცხვილია”.
აქვე უნდა ითქვას, რომ ვალენსიური პრესის მტკიცებით, როგორც პაულისტამ ასევე მუსამ რასიზმის წინააღმდეგ თავიდანვე აიმაღლეს ხმა და ვინისიუსს თანადგომა გამოუცხადეს. ყველა, ვინც კითხვა იცის, დიაკაბის ტვიტერზე წაიკითხავდა: „რასისტული შეურაცხყოფების წინააღმდეგ ვინი ჟუნიორს რასაკვირველია მხარს ვუჭერ. იმედი მაქვს, რომ ჩემი კლუბი ყველაფერს გააკეთებს რათა დამნაშავეები დაისაჯონ. არაფრის თქმა თანამზრახველობას ნიშნავს”.
იუნუსმაც დაწერა: „ჩემი მხარდაჭერა ვინისიუს ჟუნიორს და ყველას, ვინც ცხოვრების განმავლობაში რასიზმს უძლებს. თუ შენ ვინისიუსის მიმართ რასისტი ხარ, ესე იგი რასისტი ხარ ჩემს მიმართაც”.
აგრესია ვინისიუსის გაძევების ეპიზოდში მონაწილე ორ ვალენსიელს უგო დუროსა და ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო. მადრიდელი მისი შეყვარებულის, მრბოლელი ქალის ნერეა მარტის ინსტაგრამზეც კი გალანძღეს: კლოუნი ხარო, უნიჭო ფეხბურთელი ბრძანდებიო, ვინი ჟუნიორი გიგანტია შენ კი არ გგავსო.
ქართველს კი, რომელიც ჩხუბში რასისტობის გამო კი არა, თანაგუნდელის დასახმარებლად ჩაერია დაუწერეს, შენი საქციელით რასიზმს ხელი შეუწყეო. ვინი თავის დაცვას ცდილობდა, შენ კი თავს დაესხიო. მამარდაშვილს, როგორც ცნობილია „ნალოპის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გამოექომაგა, რომელმაც ყველას გასაგონად ინგლისურად დაწერა, რომ მამარდაშვილი რასისტი არ არის, მაგრამ თანაგუნდელს ყოველთვის დაიცავს.