„ლეჩესთან” 2:1 მოგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე კარგი განწყობით შევიდა. მან იხუმრა, იმედიანად ილაპარაკა, მაგრამ სიტყვა სკუდეტო არ წამოსცდენია, რადგან ეტყობა ცრუმორწმუნეა.
***
დღევანდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. დღეს მოპოვებული სამი ქულა უკვე მშვიდად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. „მილანთან” წაგების შემდეგ, ამ შეხვედრაში, თან სტუმრად, დიდი საშიშროების წინაშე ვიდექით. ახლა კი წყნარად მოვემზადებით „მილანთან” მომდევნო თამაშისთვის. ამაში ის შეცდომებიც ვერ შეგვიშლის ხელს, რომლებიც დღეს დავუშვით. ჩემს ფეხბურთელებს არ ჰქონიათ შეგრძნება, რომ გადატვირთულები იყვნენ. ვფიქრობ ეს დაღვინების ნიშანია.
***
დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იმ ოცნების ახდენისთვის, რომელსაც ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, ჯერ ის მაინც ოცნებად რჩება.
***
მსაჯმა შესანიშნავად გაართვა შეხვედრას თავი. მან თამაში დროულად დაასრულა და ჩვენ ეს ფაქტად უნდა მივიღოთ.
***
კაპიტნის სამკლავურმა დი ლორენცო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად აქცია. მოედანზე მისი ყურება ერთ რამედ ღირს. ის სწორად ექცევა ყველას, როგორც თამაშის დროს, ასევე გასახდელში. მტკიცე ხასიათისაა, რაც მე, როგორც მწვრთნელს, მახარებს. ჩვენ რკინის თვისებების მქონე კაცზე ვლაპარაკობთ.
***
ექიმები სწორად მოიქცნენ ოსიმენის დასვენება რომ მოითხოვეს, რადგან არ იყო გამორიცხული, მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება დაჭირვებოდა. ახლა, ხვალ-ზეგ, დატვირთვას ცოტათი მოვუმატებთ და შევხედავთ, როგორ გაუძლებს.
***
გასულ შაბათს „მილანთან” დელიკატური შეხვედრა გამოვიდა, უპირველეს ყოვლისა მენტალური თვალსაზრისით და კიდევ იმიტომ, რომ იმავე „მილანს” ახლა ჩემპიონთა ლიგაშიც ვხვდებით. ბევრი ადამიანი „იმაზე” ფიქრობს (სპალეტიმ სიტყვა სკუდეტო არ ახსენა) და ჰგონია, რომ დღევანდელის მსგავსი თამაშები ქულების შესავსებად არსებობს, მაგრამ ასე არ არის. დღეს გამარჯვებას მტკიცე ხასიათი სჭირდებოდა, რომელიც ჩვენ გამოვამჟღავნეთ და მინდა ბიჭებს ეს მივულოცო.
***
ოსიმენს თავად თუ უნდოდა ამ შეხვედრებში მონაწილეობა? მას სულ თამაში უნდა. მას მანქანაშიც თამაში უნდა. მას უნდა, რომ მოედანზე მანქანით შევიდეს და ისე ითამაშოს. მისი საქმე კარგად მიდის. როდესაც ის მოედანზეა, თამაში გაცილებით ადვილია. შეგიძლია მას ჩააწოდო და ჩააწოდო ბურთი. როდესაც ოსიმენი თამაშობს, მეტოქეზე ზეწოლა გაცილებით ადვილია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მას გამოვაჯანმრთელებთ.
***
სიმეონეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია. თავიდან მუხლს იტკივებდა, შემდეგ კუნთზე დაიწყო ჩივილი. და ეს ტკივილი არა და არ გადიოდა. მოკლედ, უნდა ვნახოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
