ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…

Home კატეგორიის გარეშე ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…
ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…

ეს დიეგო კოშტა არ არის ნორმალური. მადრიდის „ატლეტიკოში” დაბრუნებულმა, ლა ლიგის პირველივე თამაშში გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააგდეს. სხვა სიტყვებით, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ აფრენს. თუმცა, ახალი, ცხადია, არაფერი გვითქვამს.

29 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელს „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკომ” 2:0 მოიგო, გიჟური შვიდწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა: 62-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი მისცხო, რისთვისაც პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე წუთზე კი „ატლეტების” მეორე გოლი გაიტანა და… საზეიმოდ მაყურებლებში ავარდა. მსაჯმა ხოსე ლუის მუნუერა მონტერომ ტრიბუნაზე აჭრა არასპორტულ საქციელად ჩათვალა და „ჩელსის” ყოფილ ფორვარდს მეორე ყვითელიც აუფრიალა.

ისე, მნიშვნელოვანი გოლის მერე მაყურებლებში აჭრა ხანდახან ფეხბურთს როგორ უხდება, არა?

კოშტამ ძველ-ახალ გუნდში (ის მადრიდელთა რიგებში 2010-14 წლებშიც გამოდიოდა) პირველად „სამეფო თასის” შეხვედრაში ითამაშა, ოღონდ „ლეიდასთან” შეცვლაზე შევიდა — „ატლეტიკომ” მოიგო 4:0. ამჯერად, ჩემპიონატის მატჩში, ის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

 

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.