„ნაპოლის” 5:1 გამარჯვება „იუვენტუსთან” ერთი მხრივ „ნაპოლის” ჩინებულმა თამაშმა განაპირობა, მეორე მხრივ კი მარად ყოჩაღი „იუვე” ვერ იყო ისეთი ძლიერი, საუკეთესო პერიოდებში რომ არის ხოლმე. ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო ტურინული გაზეთის „ტუტოსპორტის” წერილი, სადაც აქცენტი „ბებერ ქალბატონზე” გაკეთდა.
„ტუტოსპორტი” წერს, რომ ჯობს ერთხელ წააგო 0:5 (ან 1:5, როგორც ეს პარასკევს ნეაპოლში მოხდა), ვიდრე ხუთჯერ 0:1. მეორე მხრივ კი არსებობს თავმოყვარეობა, რომელზეც 1:5 ძალიან მოქმედებს.
„ასეთი ხმაურიანი, მძიმე და გაუმართლებელი დამარცხება ისტორიაში დარჩება, მითუფრო რომ ეს იყო ანდრეა ანიელის ბოლო მატჩი კლუბის პრეზიდენტის რანგში. ერთადერთი, რამაც შეიძლება მდგომარეობა შეამსუბუქოს არის ის, რომ „ნაპოლის” ძლიერება ჩარჩოებში ვეღარ ეტევა და გარეთ გადმოდის. ის არის ტაქტიკური თვალსაზრისით საუცხოოდ ორგანიზებული გუნდი, რომელიც „იუვეს” ხარისხით აშკარად სჯობდა. მასპინძლები სუნთქვაშეკრულები „ზეპირად” თამაშობდნენ და ერთადერთი, რის უფლებაც მისცეს თავიანთ თავს, რამდენიმე ინდივიდუალური შეცდომა იყო (რითაც დი მარიამ ისარგებლა და ანგარიში 1:2 გახადა). „ნაპოლიმ” დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ დამსახურებულად ლიდერობს, არამედ ყველა პირობა აქვს ბოლომდე პირველ ადგილზე რომ დარჩეს”.
შემდეგ „ტუტოსპორტი” იხსენებს მასიმილიანო ალეგრის ერთ მატჩისწინა ხუმრობას: „მე რომ ვიცოდე მეორე ტაიმში კიეზას მოედანზე შეყვანა გოლს და გამარჯვებას მომიტანს, ასეც მოვიქცეოდი… მაგრამ ბროლის ბურთი არ მაქვს”.
„ნაპოლისთან” ალეგრი საპირისპიროდ მოიქცა, ფედერიკო კიეზა თავიდანვე ათამაშა და ტურინული გაზეთის აზრით შეცდა. ამდენად, შეხვედრაში, რომელშიც ერთი შეხედვით იუვენტუსელთაგან კონკრეტული დამნაშავე არავინაა, იყო ერთი ფეხბურთელი, კიეზა, რომელიც თითქოს საერთო სურატში ვერ ჩაეწერა და გარიყული იყო. და მაინც, „ტუტოსპორტს” მიაჩნია, რომ „იუვენტუსის” მთავარი შეცდომა ტაქტიკური კი არა, მენტალური იყო. გუნდი შეხვედრას სწორად არ მიუდგა, მისი მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებზე სწორად ვერ რეაგირებდაო. წერილში სასტიკად გაკრიტიკებულია მიდგომა: „მთავარია მათ არ გავატანინოთ, მერე კი რამე იქნება”.
„დიდი გუნდების წინააღმდეგ მუშაობს ასეთი პრინციპი: კარგად თუ არ თამაშობ, აგებ! სწორედ ეს შეემთხვა „იუვენტუსს”, — წერს „ტუტოსპორტი”.
და ბოლოს გაზეთი ამბობს, რომ ზედიზედ 8 გამარჯვებისა და 836 წუთი გოლის არ-გაშვების პერიოდი დამთავრებულია. „ნაპოლი” 10 ქულით არის წინ, მაგრამ „იუვე” არასდროს ნებდება. სულ მცირე მეორე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის, ამიტომ გუნდმა თავი ხელში უნდა აიყვანოს და გააგრძელოს ისე თამაში, როგორც აქამდე თამაშობდა.