„რეალმა” ლა ლიგის მე-12 ტურში „ჟირონას” ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მაინც პირველ ადგილზეა. „ბარსელონამ” მსაჯის წამატებულ წუთებში მოახერხა გიორგი მამარდაშვილის კარში გოლის გატანა და მეორე პოზიციას ინარჩუნებს — ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება. „ბეტისმა” „რეალ სოსიედადს” აჯობა და „ატლეტიკოს” მსგავსად 23 ქულა აქვს — ეს ორი გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს ანუ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ზონაშია.

თუ სადაო მომენტებით ვიმსჯელებთ, ბოლო ტურის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა სწორედ „რეალსა” და „ჟირონას” შორის გაიმართა. VAR-მა ჩათვალა, რომ მარკო ასენსიომ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. ეპიზოდი მსაჯმა გადაამოწმა და დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომლის წყალობითაც „ჟირონამ” ანგარიში გაქვითა და „თეთრებმა” ორი ქულა დაკარგეს.

საკამათო მომენტი იყო „ვალენსიასა” და „ბარსელონას” შეხვედრაშიც. ლაპარაკია გოლზე, რომელიც სამუ ლინომ გაიტანა. ლინოს დარტყმამდე მარკოს ანდრეს თითქოსდა ხელზე მოხვდა ბურთი. ეს გოლი არ ჩათვალეს და საბოლოოდ, „ღამურებმა” წააგეს.

VAR ჩაერია „ალმერიასა” და „სელტას” შეხვედრაშიც. ამ მატჩში ელექტრო მოწყობილობის ხალხმა ორ ეპიზოდზე იქონიეს გავლენა: მსაჯს „სელტას” კაცი გააგდებინეს და შემდეგ „სელტასავე” კარში პენალტი არ დანიშნეს.

რთული ეპიზოდი იყო „ოსასუნასა” და „ვალიადოლიდის” მატჩშიც. მოი გომესის გოლი VAR-ს არ მოეწონა და მსაჯს მისი მონიტორზე გადახედვა ურჩია — მანამდე თამაშგარე მდგომარეობა იყოო.  მსაჯმა მომენტი შეამოწმა და იშვიათი რამ ჩაიდინა — თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. ასეთი რაღაც მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში პირველად მოხდა.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ AS-მა შეისწავლა მე-12 ტურში VAR-ის ყველა ჩარევა (სამართლიანი თუ უსამართლო) და შეადგინა ორი ცხრილი: ერთი რეალური და მეორე, ვინ სად იქნებოდა ტელე-მსაჯი საქმეში რომ არ ჩარეულიყო.