ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ მონაკვეთში მხოლოდ მცველებს როდი აურია თავ-გზა. ქართველმა „ბაგირზე მოსიარულემ” თავისი დიდებული თვისებების წყალობით ფაქტობრივად ყველას ყურადღება მიიპყრო, პროფესიონალებისაც და ენთუზიასტებისაც, — წერს „კალჩონაპოლი” და „გაძეტა დელო სპორტის” ამონარიდები მოჰყავს.
დღეს გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ რევოლუციაზე, რომელიც სერია A-ში დაიწყო და რომელზეც მილანურმა გაზეთმა გაამახვილა ყურადღება. კლუბები ცდილობენ ტოპ-ლიგების მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ, საამისოდ კი სკაუტებს ეყრდნობიან. სკაუტებმა ფინანსური სირთულეების პერიოდში მათ კარგი მოთამაშეები უნდა მოუძებნონ. იტალიურ ფეხბურთში კვარაცხელიას შემოვარდნა ამის საუკეთესო მაგალითია. ქვემოთ დაპირებულ ციტატებს გთავაზობთ:
„ჩვენი კლუბების საორგანიზაციო მოდელში დიდი ცვლილებებია, რაც იტალიური სისტემის სუსტმა კონკურენტუნარიანობამ განაპირობა. ჩვენთან, სატრანსფერო ბაზარზე მომუშავე პერსონალი მწვრთნელებზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის… საქმე კი ის გახლავთ, რომ ავანგარდში მდგომი მწვრთნელები, რომლებიც ახალწვეულების ძლიერ და სუსტ მხარეებს აფასებენ, მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებ რგოლს წარმოადგენენ, მთელი სისტემა კი უამრავი ხალხისგან შედგება, რომელიც წელიწადში 12 თვის განმავლობაში შესვენების გარეშე მუშაობს.
ამ ხალხს დამკვირვებლებს უწოდებენ, თუმცა ეს დაკვირვება აქამდე მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, რადგან სკაუტებმა უკვე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის ჩემპიონატს უნდა მიაქციონ ყურადღება და მხოლოდ ასე შეძლებენ ისეთი მსხვილი თევზების დაჭერას, როგორებიც ლეაო და კვარა არიან”.