მაგალითი

მაგალითი

Khvicha Kvaratskhelia of Napoli during a Napoli training session on September 28, 2022 in Naples, Italy.დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” ეთამაშება. იტალიურ მედიაში გამოჩნდა ტურინელთა ყოფილი ცენტრალური მცველის, შემდგომ წარმატებული საფეხბურთო მენეჯერისა და ჟურნალისტის რობერტო კრავეროს მოსაზრება ბროწეულისფერთა მეტოქისა და სერია A-ს ლიდერის „ნაპოლის” შესახებ. კრავერო ამბობს:

„ხმაური, რომელიც ნეაპოლელთა გარშემო ატყდა, დადებითია. ისინი ძლიერ ხასიათსა და ჩინებულ ფიზიკურ ფორმას ამჟღავნებენ, რასაც თან შესანიშნავი ფეხბურთი ახლავს. იმის თქმა არ მინდა, რომ „აძურის” ძველი ლიდერები სხვა მოთამაშეების ხასიათს თრგუნავდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი წასვლის შემდეგ, დარჩენილებმა პასუხისმგებლობა იკისრეს და ახლა უწინდელზე უკეთ თამაშობენ. დღეს ჟელინსკი, პოლიტანო და დი ლორენცო გუნდის ძრავას წარმოადგენენ, სპალეტისთვის მათი ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, აღსანიშნავია თავად კლუბის ბრწყინვალე მუშაობა. კვარას პოვნა სატრანსფერო ბაზარზე მიღწეული დიდი წარმატებაა და ნურც თავად სპალეტის უნარებს დავივიწყებთ. ის ჩვენს თვალწინ შედევრს ქმნის.

მე არასოდეს ვმსჯელობ ცნობილ ფეხბურთელებზე, რადგან უფრო იმ მოთამაშეების ამოცნობა მაინტერესებს, რომლებიც ძლიერები არიან და მომავალში ითამაშებენ გადამწყვეტ როლს. კარგი სპორტული დირექტორობაც ის არის, რომ გარისკო და ეჭვი არ შეგეპაროს იმ მოთამაშის ნიჭში, რომლის ყიდვასაც აპირებ. კვარაცხელიას ყიდვით „ნაპოლიმ” მთელს იტალიურ ფეხბურთს მაგალითი მისცა. კლუბმა გარისკა და შეიძინა ფენომენალური მოთამაშე, რომელსაც აქამდე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში ჰქონდა ნათამაშები.

რაც შეეხება „ნაპოლისა” და „ტორინოს” შეხვედრას. იურიჩი გუნდს სულ ერთსა და იმავეს აკეთებინებს: ათამაშებს მომქანცველ პრესინგს, მოთამაშეებს ბევრს არბენინებს. მაგრამ, ის ფრთხილად უნდა იყოს „ნაპოლისთან”, რომელსაც საუცხოო ინდივიდუალისტები ჰყავს და გუნდურადაც ჩინებულად თამაშობს. „გრანადა” ჯერ მშენებლობის პროცესშია, თან ცენტრალური მცველის, ბრაზილიელი ბრემერის („იუვენტუსში” გადავიდა) შეცვლაც არ არის იოლი საქმე.

„ნაპოლი”? ჯერ სანახავია, როგორ გაართმევს თავს რთულ პერიოდებს, მაგრამ სეზონის დასაწყისში გუნდს ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ ახლა სკუდეტოს ერთ-ერთ კანდიდატად მიმაჩნია”.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.