შაბათს, 1 ოქტომბერს, 17 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” მასპინძლობს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად ოთხჯერ ითამაშა და ოთხივეჯერ გოლი გაუშვა. მას „მონცამ” და ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემაც” გაუტანა, თუმც ეს შეხვედრები ტურინელების გამარჯვებით დასრულდა.
სულ „ტორინომ” 7 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, ოღონდ მათგან 3 ერთ მატჩში, ბერგამოში „ატალანტასთან”. გუნდის ხორვატი მწვრთნელი, 47 წლის ივან იურიჩი განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს დაცვაში ყურადღების მოკრებასა და თამაშის გაუმჯობესებაზე. ეს მას ახლა ძალიან სჭირდება, რადგან ჩემპიონატის განახლების დღეს „გრანატას” მეტოქეა „ნაპოლი”, რომელიც ცხრილში „ატალანტასთან” ერთად ლიდერობს, ხოლო „უდინეზეს” მსგავსად საუკეთესო თავდასხმა ჰყავს — 15 გოლი აქვს გატანილი.
ლუჩანო სპალეტის გუნდი სკუდეტოს ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. „ტუტოსპორტის” აზრით ეს სტატუსი მას ახალი სეზონის პირველი მონაკვეთის აღმოჩენამ, კვარაცხელიამ, კლუბსა და იტალიის ნაკრებში შესანიშნავად მოთამაშე ჯაკომო რასპადორიმ და არგენტინელმა ჯოვანი სიმეონემ მიანიჭეს. დღეს იურიჩის მთავარი ამოცანა ნეაპოლელთა თავდასხმის წინააღმდეგ დაცვის სწორად შერჩევაა.
„ტუტოსპორტის” ვარაუდით ტურინელ მცველთაგან „მარადონაზე” უეჭველად ითამაშებს კაპიტანი რიკარდო როდრიგესი, თუმც შესამოწმებელია როგორ ფორმაშია ის შვეიცარიის ნაკრებში გატარებული ორი კვირის შემდეგ. და რომც არ იყოს საუკეთესო ფორმაში, მისი მოედანზე ყოფნა გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, წერს გაზეთი.
აუცილებლად ითამაშებს ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი პერ შუურსი, რომელიც ნაკრებში არ გამოიძახეს და მშვიდად ვარჯიშობდა „ტორინოს” საწვრთნელ ბაზაზე. იურიჩს ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა 22 წლის ფეხბურთელისთვის საფუძვლიანად განემარტა, თუ რას ითხოვს მისგან. შუურსი როგორც მოგახსენეთ შუა მცველია, რომელსაც მარცხენა მხარესაც შეუძლია თამაში ანუ ის მეტად თუ ნაკლებად კვარაცხელიას გაუვნებელყოფაზე იქნება პასუხისმგებელი.
იურიჩს ჯერჯერობით ასარჩევი აქვს ალესანდრო ბონჯორნოსა და ჯიჯის შორის. ბონჯორნოს „სასუოლოსთან” ნაჩვენები არცთუ საუკეთესო თამაშის გამოსწორება სწყურია, ჯიჯი კი ნამდვილად არ არის ცუდ ფორმაში. იტალიური გაზეთის ვერსიით ამ ორიდან ერთს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დაჯდომა.
მცველთაგან ხორვატი მწვრთნელის განკარგულებაშია 21 წლის ჩეხი დავიდ ზიმაც.