ტიერი ანრი ამბობს, რომ “არსენალის” გასახდელში ბზარია. “მეთოფეებმა” “კრისტალ პალასს” სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია.
“ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან თანაგუნდელებს საზეიმოდ უხმო. რატომ არ მიდიოდნენ ისინი? გოლი არ გაუხარდათ? როდესაც ფეხბურთელი იწყებს ფიქრს მიირბინოს თუ არა გოლის ავტორთან მისალოცად, ესე იგი გუნდში რაღაც არეულია. იმის თქმა მინდა, რომ გუნდში სანჩესისთვის კი არ ხარ, “არსენალისთვის” ხარ, ჰოდა, როდესაც “არსენალს” გოლი გააქვს, კეთილი ინებე და იზეიმე”, — თქვა ანრიმ.
პირველი გოლი სანჩესმა მესუთ იოზილთან, გრანიტ ჯაკასთან, შკოდრან მუსტაფისთან და ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად იზეიმა. ამასთან ტელევიზორში გამოჩნდა, როგორ უხმობდა ჩილელი სხვა თანაგუნდელებს ერთობლივი აღნიშვნისთვის.
მწვრთნელ არსენ ვენგერს ეს ეპიზოდი არ დაუნახავს, თუმცა კმაყოფილი დარჩა, რომ სანჩესმა, რომელსაც ზაფხულზე კონტრაქტის ვადა გაუდის, მაგრამ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აღარ აპირებს, ყველაფრის მიუხედავად გუნდისთვის ბოლომდე იბრძოლა.