ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ფიფამ, შესაძლოა, ერთი დღით ადრე გადმოიტანოს და 21 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს ჩაატაროს.
საქმე ის არის, რომ კალენდრის მიხედვით, მუნდიალის პირველი სათამაშო დღე 21 ნოემბერია. ამ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი: სენეგალი – ნიდერლანდები, ინგლისი – ირანი, ყატარი – ეკვადორი და აშშ – უელსი.
გახსნის მატჩი სენეგალი – ნიდერლანდები უნდა ყოფილიყო, თუმცა ადგილობრივი ფეხბურთის მამები უკმაყოფილონი არიან და ტრადიციული ფორმის დაბრუნებას ითხოვენ, როცა გახსნის მატჩში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ან მასპინძელი მონაწილეობდა.
ყატარის ამირას, ტამიმ ბინ ჰამად ალ თანის თავისი გეგმები ჰქონდა: ჩემპიონატი შუადღისას გაიხსნებოდა სენეგალი – ნიდერლანდების შეხვედრით, საღამოს კი ყატარი – ეკვადორის მატჩის წინ გრანდიოზული, არნახული სილამაზის ფოიერვერკი მოეწყობოდა. გამოდიოდა, რომ ტურნირი არაოფიციალურად ორჯერ გაიხსნებოდა…
ამიტომ მათ სურთ ჩემპიონატი 20 ნოემბერს გაიხსნას მასპინძელი ყატარის მონაწილეობით (ყატარი – ეკვადორი). დანაჩენი დაგეგმილი სამი შეხვედრა კი ჩვეულებრივ 21-ში გაიმართოს.
ახლა ფიფას გამოკითხვის ჩატარება მოუწევს, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაუძღვება და მასში მონაწილეობას ორგანიზაციის ყველა წევრი კონფედერაციის ხელმძღვანელი მიიღებს. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ შეიძლება რაიმე შეიცვალოს.
გეგმის მიხედვით, წლევანდელი მუნდიალი 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს.