„ვალენსიასთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქართველ მეკარესთან გიორგი მამარდაშვილთან ახალი, საფუძვლიანი შეთანხმების მიღწევა იყო. როგორც AS წერს, „ღამურების” წინაშე ეს ამოცანა ჯერ კიდევ მაშინ დადგა, როდესაც გოლკიპერმა ეფექტურად შეაბიჯა ლა ლიგის სამყაროში. კლუბისთვის ნათელი გახდა, რომ ბიჭს ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს, მას სხვაგან გაქცევა რომ არ მოუნდეს.
ესპანური გაზეთი შეგვახსენებს მაისში გამოქვეყნებულ სტატიას „ვალენსიასა” და მამარდაშვილს შორის დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ. კლუბი ქართველ ფეხბურთელს პირობების გაუმჯობესებას სთავაზობდა, ოღონდ, სჭირდებოდა ისეთი პუნქტი, რომელიც მეკარის სხვა კლუბში გადასვლისგან დაიცავდა. მამარდაშვილი ამაზე დათანხმდა, ახლა კი, როგორც AS ამბობს, ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია.
ამრიგად, „ვალენსიას” უჯრაში უდევს გამზადებული კონტრაქტი, რომელიც მამარდაშვილის „მესტალიაზე” 2027 წლამდე დარჩენას ითვალისწინებს, მაგრამ მხარეები ამ დოკუმენტს ჯერჯერობით ხელს ვერ აწერენ. საქმე ის არის, რომ არსებობს ფინანსური ფეარ ფლეის წესი, რომელიც კლუბისგან გარკვეულ ჩარჩოებში ყოფნას მოითხოვს. კერძოდ, „ვალენსიამ” ჯერ ვინმე უნდა გაყიდოს, რომ შემოუვიდეს დასაბუთებული თანხა, რომლითაც გიორგის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.
AS თავის წერილში რამდენჯერმე იმეორებს, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან და კლუბმა მამარდაშვილის გამოსასყიდად 100 მილიონი ევრო დააწესა.
ხოლო სანამ „ღამურები” ვინმეს გაყიდიან, გიორგი ძველ ხელფასს მიიღებს და მისი გამოსასყიდი თანხა კვლავ 20 მილიონი ევრო იქნება. ამან შეიძლება სხვა კლუბებს აფიქრებინოს, რომ მისი გადაბირება ჯერ კიდევ შეიძლება. AS-ის თქმით, ქართველ მეკარეს დაურეკეს ისეთი კლუბიდან, როგორიც არის „მანჩესტერ იუნაიტედი”, თუმცა მას „ვალენსიასთან” ყველაფერი მოგვარებული აქვს და ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერასღა ელოდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
