რაღაც იოლად მოვუგეთ ბულგარელებს. ხუთი ხომ გავუტანეთ და ერთი კიდევ ბუდუ ზივზივაძეს არ ჩაუთვალეს მილიმეტრიანი თამაშგარეს გამო და ერთიც პენალტი გავაცუდეთ (კვეკვესკირი).
ვნახეთ გუნდი, რომელიც თავდაჯერებული გავიდა მინდორზე. სწორი, გამართული ფეხბურთი ითამაშა. ეს არის გუნდი, რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა. მწვრთნელისა, რომელმაც, როგორც ჩანს, დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნო.
სანიოლმა გიბრალტართან პირველი მატჩისგან განსხვავებით, ხუთი ფეხბურთელი შეცვალა და დავინახეთ, რომ როტაციის პორობებშიც კი საკმაოდ კონკურენტუნარიანი მოთამაშეები გვყვავს. ჩაკვეტაძე საერთოდ არ იყო განაცხადში და ესეც ვივარაუდეთ წინა მიმოხილვისას. გახსოვთ ალბათ, მაშინ გიორგიმ უწყინარ სიტუაციაში გიბრალტარელს ხელი რომ ჰკრა. ყვითელი ბარათით გადარჩა, თუმცა სხვა შემთხვევაში აუცილებლად გააძევებდნენ. მაშინ ვივარაუდეთ, რომ სანიოლს მასთან სერიოზული საუბარი ექნებოდა. ახლა კი გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამ ინციდენტის გამო არ შეიყვანეს განაცხადში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი. ესაა სანიოლი.
ჟინი და მონდომება ეტყობოდათ ჩვენებს. და როცა გულით გინდა მოგება, ერთი კლასიკოსი მწერლის არ იყოს, „მაშინ მთელი სამყარი შენს მხარესაა.“ რას ვგულისხმობთ? მცირეოდენ გამართლებას, რომლის გარეშეც არაფერი გამოდის. ადრეულ გოლს, რომელმაც ჩვენებს თავდაჯერება კიდევ უფრი განუმტკიცა. ხვიჩამ შესანიშნავი პასი მისცა დავითაშვილის და ზურიკომაც უზადოდ დაარტყა თავური.
შემდეგი ასეთი ეპიზოდი უკვე მეორე ტაიმში მოხდა, როცა ბულგარელებმა პირველი საპასუხო ბურთი გაგვიტანეს (ილიევი). ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე მათ მხარეს იყო. მაგრამ ორიოდ წუთში გიორგი აბურჯანიას გადაცემის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და ყველაფერი მანამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნა. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გარდამტეხი. ამის შემდეგ მასპინძელთა გუნდი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.
გაამართლა შეცვლებმაც, რაც ასევე მწვრთნელის ალღოზე მეტყველებს. გიორგი მიქაუტაძე და ვაკო ყაზაიშვილი მინდორზე სულ რაღაც ორიოდ წუთის შესულები იყვნენ, როცა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ვაკომ მეხუთე ბურთი განატანა. ამ ეპიზოდში მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვიდგა – ბრძოლაში ტექნიკურად გაირჯა, მეტოქეებს აჯობა და ბურთი ვაკოს დაუგორა. სხვა შემთხვევებში კი ბურთის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ურტყამს ხოლმე კარში.
ახლა იმაზეც ვთქვათ, რაზედაც ცხადია, ჩვენი ფრანგი მწვრთნელიც გაამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, დაცვის ცენტრში დაშვებულ შეცდომებზე. ბულგარელებმა ორივე ბურთი თავით გაგვიტანეს და ეს საყურადღებო ამბავია. ნომინალური ცენტრალური მცველი, სოლომონ კვირკველია, რომელიც ხშირად გადადიოდა მარჯვენა ფრთაზე და კაკაბაძეს ჩინებულად აზღვევდა, 196 სანტიმეტრ სიმაღლისაა და ალბათ მეტი ყურადღება მართებს მაღალ ბურთებზე ბრძოლისას. ეს რომ მას კარგად შეუძლია, არაერთხელ დავრწმუნებულვართ.
მოკლედ, ბიჭებმა ძალიან გაგვახარეს. ალბათ, ეს ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. სხვა მხრივ, მეშვიდე წაუგებელი შეხვედერა. ერთა ლიგის ორ მატჩში ცხრა გატანილი გოლი და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა. გადასარევია!
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
