
ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის გარეშე დაამარცხა „სელტა” 2:0, მაგრამ ადგილობრივი პრესა აღნიშნავს, რომ მთავარი „თამაში” „მესტალიას” გარეთ გაიმართა: ათეულობით ათასმა გულშემატკივარმა საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი ამოცანა იყო მთელი მსოფლიოსთვის გამოეცხადებინათ, რომ “ღამურების” ქომაგებს კლუბის მართვაში სიტყვა უნდა ეთქმოდეთ. მათ სურდათ დიდძალ ხალხს სტადიონს გარეთ, ქუჩაში მოეყარა თავი და არა ტრიბუნებზე. ცარიელი სკამები და სავსე ქუჩა, ასეთი იყო ჩანაფიქრი, რომელიც განხორციელდა.
superdeporte წერს, რომ არ არის გამორიცხული გუშინდელი აქცია ისტორიული გახდეს. პროტესტის მონაწილეებს ბანერები ჰქონდათ მიტანილი. ამ ბანერთა ნაწილი VIP ზონის შესასვლელთან განათავსეს.
პროტესტის მიზანი ცხადი და გასაგები იყო: „ლიმი წავიდეს!” (ლაპარაკია, კლუბის სინგაპურელ მეპატრონე პიტერ ლიმსა და მის კორპორაცია „მერიტონზე”). იყო ერთგვარი მუქარის შემცველი ლოზუნგიც: „ჩვენ გაიძულებთ, რომ კლუბი დატოვოთ”. და საყურადღებო გახლდათ კიდევ ერთი პლაკატი: „ვიბრძვით ლიმის გაშვებისა და კანონისთვის რომელიც ფანების უფლებებს დაიცავს”.
ერთ-ერთ პლაკატზე კონკრეტულად იყო მითითებული, რომ ვალენსიელები 10/1990 კანონის ამოქმედებას ითხოვენ. ეწერა, ეს კანონი ესპანური ფეხბურთის გადარჩენაში დაგვეხმარებაო. სავარაუდოდ, ლაპარაკია ფეხბურთის მართვის დემოკრატიზაციაზე. გულშემატკივართა უფლებების გაფართოებასა და მეპატრონეთა ბოგინის შეკვეცაზე.
აქციაში „ვალენსიას” ყველა თაობის გულშემატკივარი მონაწილებდა.
