ლეგენდებმა ბურთი გააგორეს

Home აქეთურ-იქითური ლეგენდებმა ბურთი გააგორეს
ლეგენდებმა ბურთი გააგორეს

არ უმართლებს „მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში და მორჩა! „ოლდ ტრეფორდზე” ლეგენდების მატჩიც კი „ლივერპულის” გამარჯვებით დამთავრდა.

ამ შეხვედრაში გამორჩევით ლამაზი გოლი ჩილელმა მარკ გონსალესმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ კაცმა „ენფილდზე” მხოლოდ 2006-07 წლების სეზონი გაატარა და პრემიერლიგაში ორად-ორი გოლი შეაგდო, ასე რომ სიტყვა ლეგენდა მასზე ძნელად თუ ითქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მიიწვიეს, ჩავიდა და შეაგდო. ჯვარი აქაურობას და გონსალესი 2009-14 წლებში მოსკოვის ცსკა-შიც თამაშობდა.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. განწყობა საუკეთესო იყო. „მანჩესტერ იუნაიტედის” ფონდმა საქველმოქმედო მიზნებით 1,3 მილიონი გირვანქა შეაგროვა. გუნდებს გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი კაპიტნობდნენ. თამაშობდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან პატრის ევრა, იაპ სტამი, ანდრეი ვორონინი და სხვები.

მეორე ტაიმში კი მერსისაიდელები ფრთაშესხმულები დაბრუნდნენ მოედანზე და პირველსავე წუთზე გოლი გაიტანეს. ეს მოედანზე ახალმა შესულმა ლუის გარსიამ გააკეთა. მეკარე რაიმონდ ვან დერ გოუსთან პირისპირ დარჩენილმა ბურთს ფეხი ისე გადაატარა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს იურგენ კლოპის ახლანდელ „ლივერპულშიც” კი შეძლებდა ბურთის გაგორებას.

შემდეგ დიმიტარ ბერბატოვმა პენალტით გაქვითა ანგარიში. ლივერპულელმა დირკ კუიტმა ძელს გაარტყა ბურთი. მერე კი ის ლამაზი გოლი გავიდა ზემოთ რომ აღვწერეთ. შეხვედრის მთლად მიწურულს კი გონსალესმა „ლივერპულის” მესამე გოლიც გაიტანა.