… მას არც წითელი თმები აქვს და არც მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. არც მამამისია მეზღვაურების უფროსი და არც სხვადასხვა ფერის წინდები აცვია. თუმცა, ბოლო დროს ისეთ რამეებს სჩადის, ონავარ პეპილოტა გრძელწინდასაც კი გაუკვირდებოდა.

ზღაპარია, აბა რა, –  პეპ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად. „ქალაქელებმა“ ნოემბერში ოთხივე მატჩი მოიგეს. „არსენალთან“, „ლესტერთან“, „ჰადერსფილდთან“ და „საუთჰემპტონთან“.

„სიტის“ თავკაცმა ეს ტიტული სექტემბერ-ოქტომბერშიც ირგუნა და აქ გასაკვირი არაფერია. მანჩესტერელებმა ხომ ზედიზედ 15 მატჩი მოიგეს და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარეს. სატურნირო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, კატალონიელი, ალბათ, დეკემბერშიც საუკეთესოდ დასახელდება და მიჯრით მეოთხედ მიიღებს პრემიერლიგის საუკეთესო მენეჯერის პრიზს. ასეთი რამ კი ჯერ ვერავის მოუხერხებია.

მანამდე  სამჯერ ზედიზედ ეს პრიზი მხოლოდ „ჩელსის“ დამრიგებელ ანტონიო კონტეს მოუგია. ეს მან შარშანდელ საჩემპიონო სეზონში მოახერხა.

ჯამში კი, ამ მხრივ, ლიდერი „მანჩესტერის“ ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონია, რომელსაც ეს პრიზი 27-ჯერ მოუპოვებია. მეორეზე „არსენალის“ მენეჯერი არსენ ვენგერია – 15 პრიზით.

ზედიზედ 15 მოგებას დავუბრუნდეთ. აქამდე რეკორდსმენი „არსენალი“ გახლდათ, რომელმაც 2002 წელს მიჯრით 14 შეხვედრაში იმარჯვა.

პრემიერლიგის დაარსებამდე კი ასეთი შედეგი „პრესტონს“ 1951, „მანჩესტერს“ და „ბრისტოლს“ ჰქონდათ 1905 წელს.

ბილ ნიკოლსონის შესანიშნავმა „ტოტენჰემმა“ ზედიზედ 13 მატჩი მოიგო 1960 წელს. ამდენივეჯერ გაიმარჯვა „ჩელსიმ“ წინა სეზონში.

რაც შეეხება ქულებს. ახლა „სიტის“ 17 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვს და 11-ით უსწრებს მეორეზე მყოფ თანაქალაქელ „მანჩესტერს“. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, რომ მოყოლებული 1888-89 წლებიდან, როცა ინგლისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა, დღემდე, ასეთი წარმატებული სტარტი არავის ჰქონია. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ 1981 წლამდე ინგლისში მოგებაზე გუნდებს მხოლოდ ორი ქულა ერიცხებოდათ.

ახლა გვარდიოლა უკვე სამ ტოპ-ჩემპიონატში – ბუნდესლიგა, ლა ლიგა, პრემიერლიგა – ფლობს მსგავს რეკორდს (სხვაგან არც უმუშავია). 2014-ში მან „ბაიერნთან“ ერთად მოიგო ზედიზედ 19 მატჩი ბუნდესლიგაში, ეს ევროპული ტოპ – საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიაა. მანამდე, 2011-ში „ბარსელონასთან“ ერთად „მხოლოდ“ 16 მოგებას დასჯერდა.

ახლა ფეხბურთის სამყაროში ახალი ინტრიგა გაჩნდა: შეძლებს გვარდიოლა თავისივე ბაიერნული რეკორდის გაუმჯობესებას? ამისათვის მას 16 დეკემბერს „ტოტენჰემის“, 23-დეკემბერს „ბორნმუთის“, 27-ში „ნიუკასლის“, 31-ში „კრისტალ პალასის“ და 2 იანვარს „უოტფორდის“ დამარცხება დასჭირდება და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბედობა დღეს „ქალაქელები“ ევროპულ სალკუბო ფეხბურთში მიჯრით ყველაზე გრძელი მოგებების სერია გამოაცხონ.

ვნახოთ, რამდენად დაგრძელდება პეპის წინდა. ვნახოთ, ამას ალბათ, ოდენ სულმნათი ასტრიდ ლინდგრენი თუ გვეტყოდა.