ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს ვადა დაუთქვა. შესაბამისად, რუსმა ოლიგარქმა თავის ამერიკელ ბანკირებს მოსთხოვა დააჩქარონ „ჩელსის“ გაყიდვა.
წუხელ, ლონდონური კლუბის მილიარდერმა მეპატრონემ „რეინ გრუპს“ განკარგულება მისცა, რომ ისინი დაუკავშირდნენ „ლურჯების“ შეძენის მსურველებს და სთხოვონ, რომ მათ თავიანთი წინადადებები შემდგომ პარასკევამდე წარმოადგინონ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სანქციების თანახმად აბრამოვიჩი ამ ოპერაციით კაპიკს ვერ მოიგებს.
ამას წინ უძღოდა „ჩელსის“ კორპორაციული ბარათების გაყინვა. თურმე „ბარკლაიკარდმა“ იფიქრა, რომ თუ „ლურჯებს“ ვაჭრობის უფლებას არ ჩამოართმევდა, ამით კანონს დაარღვევდა.
ბანკირებმა თავი დაიზღვიეს. პუტინის მეგობრად წოდებული აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ლონდონური კლუბის კორპორაციული ბარათები დაბლოკეს.
ბარათებთან დაკავშირებული გაუგებრობა წუხელვე მოგვარდა. „ლურჯების“ ოფიციალურმა პირებმა დაამტკიცეს, რომ კლუბის საბანკო ანგარიშები არავის დაუყადაღებია.
და მაინც, „ჩელსი“ ფულს კარგავს. მას აუკრძალეს სტადიონზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა და ატრიბუტიკით ვაჭრობა, ხოლო სპონსორმა Three-მ 40 მილიონ გირვანქიანი კონტრაქტი გაუწყვიტა.
გარდა ამისა, კლუბს დაავალეს ფეხბურთელების ხელფასების ჩათვლით ყველა ვალდებულების გასტუმრება. სახელფასო ფონდი კი თვეში 28 მილიონი გირვანქაა. და თუ ასეთ პირობებში ჩავარდნილი „ჩელსი“ ორ კვირაში ახალ პატრონს ვერ მოძებნის, ის ადმინისტრაციულ მმართველობაში გადაეცემა.
ცნობილი გახდა, რომ „რეინ გრუპი“ ბრიტანეთის მთავრობისთვის კლუბის გაყიდვის ექვსკვირიანი ლიცენზიის თხოვნას აპირებს.
თავის მხრივ პრემიერლიგა ირწმუნება, რომ „ჩელსის“ შეჯიბრებებში მონაწილეობას არანაირი ხიფათი არ ემუქრება. მთავრობა მზადაა გაზარდოს გასვლით მატჩებზე სამოგზაუროდ გამოყოფილი 20 000 გირვანქის ტოლი ლიმიტიც. კლუბს არავინ უკრძალავს სატელევიზიო შემოსავლების მიღებას, მაგრამ ამ ფულით დავალიანებას ვერ გაისტუმრებს. ამ თანხის გამოყენება ტრანსფერებშიც არ შეიძლება.
„ჩელსი“ ხელისუფლებისგან საღ აზრს ითხოვს. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
