„ინტერმა“ კვირა საღამოს შინ 0:2 წააგო „სასუოლოსთან“. ბოლო დროს აურია სიმონე ინძაგის გუნდმა და გამოჩნდა, რომ ჯერ მაინც ვერაა ის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რომ გაიწიოს, ან სერია A ერთი ამოსუნთქვით მოიგოს – როგორც ამას თავის დროზე „იუვენტუსი“ აკეთებდა.
მოკლედ, „ინტერი“ და სტაბილურობა ერთად ვერ გამოდის.
აი, რა თქვა ინძაგიმ: „ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომით. „ლივერპულთან“ თამაშიდან სამი დღე გვქონდა მოსამზადებლად და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ „სასუოლომ“ ამ სეზონში სტუმრად სძლია „მილანსაც“ და „იუვენტუსსაც“. სასუოლოელები მშვენივრად თამაშობენ და სიფრთხილე გვმართებდა.
… მეორე ტაიმში მოვუმატეთ და აგრესიულად ვითამაშეთ, მაგრამ როგორც ჩანს, გვიანი იყო. სიტუაციას გავაანალიზებთ. 13 მატჩი დაგვრჩა, მაგრამ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი სხვანაირად უნდა თამაშობდეს და არა ასე, როგორც ეს დღეს ჩვენ გავაკეთეთ“.
სერია A-ში სამი გუნდი გამოკვეთილია. ჩემპიონობის თანაბარი შანსები აქვთ „მილანს“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“. თუმცა შესაძლოა „იუვენტუსიც“ ჩაერიოს ბრძოლაში: ტურინელები 9 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „მილანს“, რომელმაც შაბათს „სალერნიტანას“ სტუმრად ვერ მოუგო – 2:2.