„ჩელსი“ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა! დასავლეთ ლონდონელებს ახლა უკვე დიდი ტიტულების შთამბეჭდავი კოლექცია აქვთ: არიან პრემიერლიგის ჩემპიონები, ფეხბურთის ასოციაციისა და კარაბაოს თასის მფლობელები,  ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებულები და ამ ჯილდოებს მათ კლუბთა მსოფლიოს თასიც მიამატეს. „ლურჯებმა“ ფინალურ შეხვედრაში 2:1 მოუგეს ბრაზილიის „პალმეირასს“. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში კაი ჰავერცმა პენალტით გაიტანა.

„ჩელსის“ კაპიტნისთვის სესარ ასპილიკუეტასთვის ეს გახლდათ განსაკუთრებული დღე, რადგან ესპანელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტიტულს ფლობს.

საინტერესო ფაქტია: ბოლო ევროპული კლუბი, რომელიც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში დამარცხდა სწორედ ჩელსი იყო. ეს მოხდა 2012 წელს. მაშინ „ლურჯებმა“ „კორინთიანსთან“ წააგეს, „პალმეირასის“ თანაქალაქელ კლუბთან. „კორინთიანსიცა“ და „პალმეირასიც“ სან პაულუდან არიან.

ანგარიში ეფექტური თავურით რომელუ ლუკაკუმ 55-ე წუთზე გახსნა. რაფაელ ვეიგამ 64-ე წუთზე პენალტით გაქვითა, ბოლოს კი, როგორც მოგახსენეთ, ჰავერცმა 15 000 ბრაზილიელი გულშემატკივრის სამწუხაროდ გამარჯვების გოლი შეაგდო. შედარებისთვის: მატჩზე დასასწრებად ინგლისიდან აბუ დაბიში მხოლოდ ათასამდე გულშემატკივარი იყო ჩასული.

დამატებით დროში საქმე პენალტებისკენ მიდიოდა და ვინ იცის ლონდონელი გულშემატკივარი ნატრობდა მათი გუნდის კარში კეპა არისაბალაგა მდგარიყო, მაგრამ თომას ტუხელმა, რომელმაც Covid 19 მოიხადა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თამაშის წინა საღამოს ჩაფრინდა, კარში აფრიკის ჩემპიონი ედუარ მენდი დააყენა.

ცნობისთვის: 27 თებერვალს „ჩელსის“ კიდევ ერთი თასის ფინალი ელის. კარაბაოს თასზე ტუხელის გუნდი „ლივერპულს“ უნდა შეხვდეს და მწვრთნელმა ჩინებულ ფორმაში მყოფი კეპა იქნებ იქ მაინც ათამაშოს.

„ლივერპული“ ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ინგლისური გუნდებიდან კლუბთა მსოფლიოს თასი „მანჩესტერ იუნაიტედს“ და მერსისაიდელებს აქვს მოგებული. ახლა მათ „ჩელსიც“ შეუერთდა.