ფერგი ხაბიბს: რონალდუ თავიდანვე უნდა ეთამაშებინა

Home აქეთურ-იქითური ფერგი ხაბიბს: რონალდუ თავიდანვე უნდა ეთამაშებინა
ფერგი ხაბიბს: რონალდუ თავიდანვე უნდა ეთამაშებინა

სერ ალექს ფერგიუსონს ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის უთქვამს, ოლე გუნარ სულშერი შეცდა „ევერტონთან“ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ თავიდანვე რომ არ ათამაშაო.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც მანკუნიანელებს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ მოაგებინა, შაბათს ბევრი ცნობილი სპორტსმენის გარემოცვაში იმყოფებოდა და ეს ფაქტი ფოტოებზეც დაფიქსირდა. იქ იყვნენ უსაინ ბოლტი, პატრის ევრა და სხვანი.

სწორედ ამ საღამოს მოისმინეს, როგორ უთხრა სერ ალექსმა ხაბიბს:

„ვფიქრობ, „იუნაიტედმა“ „ევერტონს“ იმიტომ ვერ მოუგო, რომ რონალდუ არ თამაშობდა“.

MMA-ს დაღესტნელ ვარსკვლავს უკითხავს კი მაგრამ, რონალდუ მეორე ტაიმში მოედანზე ხომ შევიდაო.

„ვიცი… მაგრამ თამაში ყოველთვის უძლიერესი შემადგენლობით უნდა დაიწყო“, — უპასუხია ფერგიუსონს.

არადა, სულშერმა პორტუგალიელი „ევერტონთან“ შეხვედრაში დაასვენა, რადგან მანამდე ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“, კრიშტიანუმ 90+5 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ეს „იუნაიტედის“ მწვრთნელმა დიდ ემოციურ დატვირთვად მიიჩნია.

საღამო, რომელიც ზემოთ ვახსენეთ იმითაც იყო საინტერესო, რომ როდესაც სერ ალექსმა დაღესტნელ მუსლიმ ნურმაგომედოვს ჭიქა ღვინო შესთავაზა, მან უარი უათხრა.

მოგვიანებით, ხაბიბმა უარი ასე განმარტა: „კაცმა ყოველთვის სიმართლე უნდა თქვა. მე მუსლიმი ვარ და არ ვსვამ. გარდა ამისა, — ვუთხარი მე მათ, — რომ დავთვრე, შეიძლება ყველა გცემოთ, ეს კი კარგი არ იქნება.

ევრამ და ბოლტმა ყველაფერი გაიგეს, ალექს ფერგიუსონი კი ღვინის შესახებ ჩამეძია. მისთვის ღვინო კარგია. ამის გამო ვერ განვსჯი.

თან მან ვერ დაიჯერა, რომ მე იქ ყველას ცემა შემეძლო. ამიტომ, უბრალოდ მითხრა: Ok, არ დალიო“.