ჰარი კეინი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის იდეას ვერ ეშვება და იმედოვნებს, რომ მისი საქმე ამ უქმეებამდე გაიჩარხება.
„ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ტრანსფერი გააჯანჯლა. მეტიც, ის რომ კეინი „სფურზიდან“ სადმე გადავა ახლაც საეჭვოა, თუმცა „დეზების“ ბანაკიდან გამოჟონა ხმამ, რომ არც მისი დარჩენაა ასპროცენტიანი.
ამბობენ, ზაფხულის 100 მილიონიანი წინადადების ჩავარდნის შემდეგ, „სიტიმ“ ფინანსები გადათვალა და ახლა „ტოტენჰემს“ 120 მილიონ გირვანქას შესთავაზებსო. ლევის აქამდე აჩემებული ჰქონდა, რომ კეინს 150 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიდა. რა მოიტანა ამ სიჯიუტემ, ამ დღეებში გამოჩნდება. ფაქტია, რომ მასა და კეინის აგენტებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, საერთო ენის გამონახვა გაძნელდა და არც ის არის გამორიცხული, რომ ჩრდილო ლონდონელებს ინგლისის ნაკრების კაპიტნის დათმობა მოუხდეთ.
კეინი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კოვიდ-იზოლაციაში იყო, საიდანაც წინა პარასკევს გამოვიდა და სამშაბათს ტოტენჰემელ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა. პარასკევიდან სამშაბათამდე ის ინდივიდუალურად ემზადებოდა.
დღეს, „ტოტენჰემ ჰოთსფური“ კეინთან ერთად პორტუგალიას გაემგზავრა, სადაც კონფერენციის ლიგაზე „პასუშ დე ფერეირასთან“ უნდა ითამაშოს.
გავა ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი ამ შეხვედრაში მოედანზე თუ არა? ამას ხვალ ვნახავთ. და არც შაბათ-კვირაა შორს. კვანძის გახსნა ახლოვდება. კეინის ტრანსფერის ამბავი მალე გადაწყდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
