19-21 თებერვალს თბილისი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის „ბაბლის“ მასპინძელი იქნება. ჩვენთან დარჩენილი 2 ტურის 4 მატჩი გაიმართება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ჯერ სერბებს შეხვდება, შემდეგ – ფინეთს. ამათ შეხვდება შვეიცარიაცხდ.
ხვალიდან ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დაბინავდება და იზოლაციაში იცხოვრებს.
ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაშია 2 ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი: თად მაკფადენი, რომელიც ჩვენთვის უცხო არ არის და ახალი ამერიკელი კონერ ფრენკამპი. ფიბა-ს რეგულაციის თანახმად, მწვრთნელს საშუალება აქვს, ნებისმიერ დროს შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელოს და საჭიროების შემთხვევაში, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ნებისმიერი მოთამაშე გამოიძახოს. ამიტომ, გამორიცხული არ არის, სპორტის სასახლეში პარკეტზე ორივე ვნახოთ.
ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონის გამო ნაკრებში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ამერიკაში მოთამაშე ქართველები – ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე და NCAA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი.
ნაკრებში დებიუტანტიც არის: გიორგი თვალაბეიშვილი, „რუსთავის“ 22 წლის ცენტრი.
სრული სია კი, ასეთია
გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, კონერ ფრანკამპი, თად მაკფადენი, მიხეილ ბერიშვილი, ლუკა ზაქრაძე, გივი ბაქრაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, გიორგი თვალაბეიშვილი, კახა ჯინჭარაძე.