ეს სათაური ჩვენი არ არის, გერმანული „შპორტბილიდისაა”, რომელმაც ამ ხერხით იმთავითვე აუწყა მკითხველს, რომ ჯერ ერთი „ბაიერნისა” და მექსიკური „ტიგრესის” ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი 24 წლის ბენჟანიმ პავარმა გაიტანა და მეორე, გოლს VAR-ზე დასჭირდა გადამოწმება, ამდენად საეჭვო იყო.

მაშ ასე, მსოფლიოს უძლიერესმა კლუბმა, „ბაიერნმა”, მიჯრით მეექვსე დიდი ტიტული მოიგო: ბუნდესლიგის ჩემპიონობა (27 ივნისი, 2020); გერმანიის თასი (4 ივლისი, 2020); ჩემპიონთა ლიგა (23 აგვისტო, 2020); ევროპის სუპერთასი (24 სექტემბერი, 2020); გერმანიის სუპერთასი (30 სექტემბერი, 2020) და კლუბთა მსოფლიოს თასი (11 თებერვალი, 2011).

ასეთი შედეგი 2008-09 წლებში მხოლოდ პეპ გვარდიოლას „ბარსელონას” ჰქონდა.

ბოლოს, დიდი მოსავალი „ბაიერნმა” 2013 წელს მოიმკა: ტრიპლი 75 წლის იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, პლუს ევროპის სუპერთასი და კლუბთა მსოფლიო თასი მისი შემცვვლელის უკვე ნახსენები პეპ გვარდიოლას თავკაცობით.

„ბაიერნმა” კლუბთა მუნდიალი და მისი წინამორბედი, საკონტინენტთაშორისო თასი ისტორიაში მეოთხედ მოიგო: 1976, 2001, 2013 და 2021. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „რეკორდმაისტერმა” რამდენჯერაც მიიღო ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა, იმდენჯერ გაიმარჯვა.

ბავარიელთა მწვრთნელი ჰანსი ფლიკი: „ჩვენ გვინდა „ბაიერნის” ისტორიაში ყველაზე დიდი გუნდი გავხდეთ”.

კლუბთა მსოფლიო თასის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს, რომელმაც თქვა: „მეექვსე დიდი ჯილდო მოვიგეთ. ეს უკვე განსაკუთრებული შედეგია”.

ზემოთ ვთქვით, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი ბენჟამენ პავარმა გაიტანა, მაგრამ ურუგვაელმა მსაჯმა ესტებან ოსტოიჩმა გადაწყვიტა ის ოფსაიდის გამო არ ჩაეთვალა. ვიდეოს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ იმ ეპიზოდში, როდესაც ჯოშუა კიმიხი მარჯვენა ფრთიდან „ტიგრესის” საჯარიმოში ბურთს აწვდის, რობერტ ლევანდოვსკის პოზიციის გამო ადამიანს მართლა შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი. ამ დროს, საქმეში ჩაერია კოლუმბიელი ვიდეორეფერი ნიკოლას ნგალო, რომელმაც თქვა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა.

მაგრამ, აქ იყო ერთი საკამათო ნიუანსი: როგორც ვთქვით, კიმიხის პასის შემდეგ, ბურთისთვის თავის დასარტყმელად ლევანდოვსკი ახტა. ბურთის მოსაგერიებლად გამოვიდა „ტიგრესის” მეკარე ნაუელ გუზმანიც, რომელმაც ბურთს ხელი ჰკრა, ის კი „ბაიერნის” თავდამსხმელს მკლავში მოხვდა და პავარისკენ გადავარდა. პავარმა დაუცველ კარში გოლი უპრობლემოდ გაიტანა, მაგრამ ბურთის მკლავზე მოხვედრის ეპიზოდი როგორ უნდა შეფასდეს?

„შპორტ ბილდმა”, რომელიც თავში ვახსენეთ, ეს კითხვა ექსპერტ ტორსტენ კინჰოფერს დაუსვა. კინჰოფერის პოზიცია ასეთი იყო: „ლევანდოვსკის ბურთი მკლავში მოხვდა, ასე რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. როდესაც საქმე გოლის გატანას ეხება, მნიშვნელობა არ აქვს შემტევმა ბურთს მკლავი განზრახ შეახო თუ შემთხვევით მოხვდა. ვიდეორეფერიმ მხოლოდ ოფსაიდი შეაოწმა”.

ასეთი გახლდათ გერმანული გამოცემის გერმანელი ექსპერტის მოსაზრება გერმანული გუნდის გოლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში VAR პირველ ტაიმშიც ჩაერია და „ბაიერნს” გოლი არ ჩაუთვალა. უფრო სწორედ, ეპიზოდის მსაჯმა მონიტორზე თავად გადაამოწმა. ეს იყო მომენტი, როდესაც კიმიხმა დაარტყა, ლევანდოვსკი კი ოფსაიდში იდგა და… გაიწია, ბურთი კარისკენ რომ გაეტარებინა. ასეთი მოძრაობა მსაჯმა თამაშს გარეთ მდგომ ფეხბურთელს ეპიზოდში ჩარევად ჩაუთვალა.

საინტერესო დამთხვევაა, რომ 21-ე საუკუნეში სამივეჯერ — 2001, 2013 და 2021 წლებში — „ბაიერნის” გამარჯვების გოლი მცველმა გაიტანა. კუფურმა, დანტემ და ახლა პავარმა.

მაშ ასე, კლუბთა მსოფლიო თასზე „რეკორდმაისტერს” კვლავ არ გაუშვია გოლი. ამ შეჯიბრებაში, მის კარში 660 წუთია ბურთი არ შევარდნილა.

„ტიგრესის” ვეტერანიმა ვარსკვლავმა, ფრანგმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა კი თქვა: „ჩვენ, კლუბთა მსოფლიო თასზე მექსიკა ღირსეულად წარმოვადგინეთ. ახლა შინ ამაყად ვბრუნდებით”.