ბასტიან შვაინშტაიგერი ხვდება, რომ გერმანიის ნაკრებში ლიდერის პრობლემაა. ARD-ს 36 წლის ექსპერტი და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელებს აკვირდება. ის ცდილობს ვინმეში ისეთი ფიგურა ამოიცნოს, როგირიც რამდენიმე წლის წინ თავად იყო. ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრის (6:0) წინ, შვაინშტაიგერმა იკითხა:

„ესპანელებს სერხიო რამოსი ჰყავთ. გერმანიის ნაკრებში ვინ ასრულებს ამ როლს? ვინ აიძულებს მოთამაშეებს მკლავები დაიკაპიწონ?”

თემა, რომელიც ყოფილმა ბავარიელმა წამოწია, სევილიაში განადგურების შემდეგ საყოველთაო განსჯის საგანი გახდა. სულ უფრო ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი ბუნდესმანშაფტში თომას მიულერის, მატს ჰუმელსის და ჯერომ ბოატენგის დაბრუნების შესახებ.

ყველა თანხმდება, რომ ჩაფლავებულ თამაშში გერმანიის ნაკრებს მუხლნატკენი ჯოშუა კიმიხი აკლდა, თუმცა არის კი ის გამოკვეთილი ლიდერი? ხომ არ დაკარგა ის თვისებები, რომელთაც ადრე ავლენდა?

რასაკვირველია, არის მანუელ ნოიერი, რომელიც ბუნებით წინამძღოლია, მაგრამ ის მეკარეა და ტაქტიკურ თამაშში ვერ ერევა.

სხვები? ტონი კროოსი, ილქაი გუინდოგანი, ლეონ გორეცკა… ისინი, რასაკვირველია ვარსკვლავები არიან, მაგრამ წყნარი ხალხია. ესპანეთთან შეხვედრაში კი საკუთარი თავის ჩრდილებად იყვნენ ქცეული.

გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 150 შეხვედრის მონაწილემ, ლოთარ მათეუსმა „ბილდთან” ინტერვიუში თქვა:

„ასეთი ტოტალური ჩავარდნა არასდროს მინახავს. ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნებაზე ლაპარაკი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მწარე დამარცხების შემდეგ ეს ლიდერები ძალიან გვჭირდება. წინამძღოლთაგან უნდა გავიხსენოთ თომას მიულერიც”.

ბასტიან შვაინშტაიგერმა კი თქვა: „საშინელება იყო, კისერში წამოგვარტყეს. ყველაზე მეტად კი იმან დამთრგუნა, რომ არ ვიბრძოდით. გერმანიის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი არ ითამაშა”.