No description available.მეზარება, ძალიან მეზარება „დინამოზე“ წერა. განა ზოგადად წერა მეზარება, ეგ არის ჩემი საქმე, უბრალოდ არაფერი მგონია იმაზე მოსაბეზრებელი, ვიდრე წლიდან წლამდე ერთი და იგივეს გამეორება. აი, როგორ არის, იცით? ბარტ სიმპსონს რომ ავალებს მასწავლებელი ერთი ფრაზის ასჯერ გამოწერას…
მაგალითად: ფეხბურთელებს უგულოდ არ უთამაშიათ – ეს ფრაზა კახა ჩხეტიანმა თქვა 2 დღის წინ, „ტირანასთან“ წაგების შემდეგ.
შრომა და თავადადება არავის დაუკლია – ეს კი კახა კაჭარავას სიტყვებია 2 წლის წინ თქმული, „დუნაისკა სტრედასთან“ ნაჭამი სირცხვილის შემდეგ.
აი, ამას მოგახსენებთ, ერთი და იგივე შედეგები, ერთი და იგივე შეფასებები, წლები კი გადის და არაფერი, საერთოდ არაფერი იცვლება…
ჰო, „დუნაისკა სტრედას“ გახსენებაზე – ვისაც არ გახსოვთ, სენაკის ხელა დასახლებული პუნქტია (მაპატიეთ, ქალაქად მოხსენიებას მოვერიდები) სლოვაკეთში.
კიდევ ის შემიძლია გაგახსენოთ, როგორ ამბობს „დინამოს“ ყველა მწვრთნელი მორიგი წაგების შემდეგ, რომ მომხდარი გამოუცდელობის ბრალია. თუმცა წლები გადის და ზოგიერთი მარად პერსპექტიული ფეხბურთელისა არ იყოს, ეს „გამოცდილება“ ჯიუტად არ მოდის.
კაცმა რომ თქვას, საიდან უნდა მოვიდეს, ვინ უნდა მოიყვანოს?
დაგითვლიათ თუ არა, რომ XXI საუკუნეში დინამომ 26-ჯერ შეცვალა მწვრთნელი?! ბოლო ათწლეულზე კი, რაც „დინამოს“ მეპატრონე რომან ფიფია გახლავთ, 15 მწვრთნელი მოდის. უმარტივესი არითმეტიკა გვეუბნება, რომ ერთი მწვრთნელი ამ კლუბში საშუალოდ ერთ სეზონსაც კი ვერ ძლებს.
ერთი საინტერესო ფაქტიც: „დინამოში“ ფეხბურთელების ჯამური ხელფასი ორჯერ ნაკლებია სხვა თანამშრომლების ჯამურ ხელფასზე. ამაში უცნაური არაფერი გეჩვენებათ?
თავში დავწერე, წლები გადის და არაფერი იცვლება მეთქი. დიახ, მეტწილად ასეა, მაგრამ, ცხადია, რაღაც მაინც იცვლება. აი, მაგალითად, ტერმინოლოგია…
ქართულ სინამდვილეში მყარად ფეხმოკიდებული სიტყვა „ბულინგი“ აქაც შემოვიდა. ადრე მწვრთნელებმა ეს სიტყვა არ იცოდნენ. არ იცოდნენ კი არა, მაგალითად, როდესაც „დინამო“ „აქტობესთან“ დამარცხდა, მაშინდელმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა, ჟურნალისტებს აეროპორტში გამარჯობაც აღარ უთხრა, თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილიყოს რამე.
ახლა კი კახა ჩხეტიანმა ბულინგი ახსენა. წაგების მერე ხალხი გვაბულინგებსო.
განმარტებით ლექსიკონში თუ ჩაიხედავთ, გაარკვევთ, რომ ბულინგი დაცინვას, აბუჩად აგდებას ნიშნავს. აი, როგორ გითხრათ… ერთმა მეგობარმა დაწერა, ბათუმის ბულვარში შეყვარებულები უფრო სწრაფად სეირნობენ, ვიდრე დინამოელები დარბიან მოედანზეო. დიახ, ეს დაცინვაა, მაგრამ აბა, რა გინდათ, „აქტობეს“, „დუნაისკა სტრედას“, „ტირანას“ და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სირცხვილის საპასუხოდ, დაცინვაც არ მიიღოთ?
ისე, დაცინვა, მე თუ მკითხავთ, ეს ფრაზა უფროა: „დინამოში“ მყარი ფუნდამენტი ეყრება კლუბის მომავალ წარმატებებს – ეს ფრაზა „დინამოს“ ოფიციალური საიტიდან ამოვიწერეთ და იმ ფონზე, რაც ამ კლუბში ხდება, ავტობულინგს უფრო ჰგავს.
FC Dinamo Tbilisi on Twitter: "Final preparations at the Boris ...