არ აღმოჩნდა საკმარისი „ოქროს ბურთის“ გაუქმება. მეორე პრესტიჟული პერსონალური ჯილდოს – ევროპის „ოქროს ბუცის“ მოსაპოვებლად მიმდინარე მარათონს სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა.
ამ წუთისთვის პრეტენდენტი სულ სამია: რობერტ ლევანდოვსკი, ჩირო იმობილე და კრიშტიანუ რონალდუ. პირველ ორს 34-34 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ლევანდოვსკისთვის სეზონი დასრულდა, იმობილეს კი თადარიგში ორი მატჩი აქვს. ორი მატჩი დარჩა რონალდუსაც, რომელიც კონკურენტებს სამი გოლით ჩამორჩება. ის „ოქროს ბუცს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თავად ოთხს გაიტანს, ჩირო – ვერც ერთს.
99%-იანი ალბათობით პრიზი იმობილეს დარჩება და სწორედ აქ იწყება კამათი. იტალიელის 34 გოლიდან 14 (!) პენალტიდან არის გატანილი მაშინ, როცა ლევანდოვსკიმ მხოლოდ 5-ჯერ აღასრულა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი. 31 გოლიდან 12 პენალტით გაიტანა რონალდუმაც. „სუფთა“ გოლებით ლევანდოვსკი კატასტროფულად უსწრებს კონკურენტებს.
კიდევ ერთი ფაქტორი: იმობილეს და რონალდუს „ბაიერნის“ ფორვარდზე მეტ მატჩში აქვთ მიღებული მონაწილეობა, მეტი წუთი აქვთ გატარებული მოედანზე და კიდევ ორმატჩიანი ფორაც. ლევანდოვსკის საშუალოდ 90 წუთში 0,95 „სუფთა“ გოლი გაჰქონდა, მის კონკურენტებს კი 0,6.
Authors of 30 goals apiece, Ciro Immobile reveals what Cristiano ...არგუმენტი მესამე: როცა სკაუტები ფეხბურთელს აკვირდებიან, გოლები პენალტიდან მხედველობაში არ მიიღება, მოედანზე გატარებული წუთების და „სუფთა“ გოლების შეფარდება შეფასების უტყუარი კრიტერიუმია.
მაშ რას ვერჩით ლევანდოვსკის? მხოლოდ იმას, რომ ბუნდესლიგაში თამაშობს? გერმანიაში თამაშში საშუალოდ 0,25 პენალტი ინიშნება. იტალიაში ეს მაჩვენებელი 0,49 არის, ანუ იმობილეს და რონალდუს პენალტის ნიშნულთან მისვლისა და გატანის შანსი იმთავითვე ორჯერ მეტი ჰქონდათ.
კარლ-ჰაინც რუმენიგე აქამდე ამბობდა, რომ წლეულს „ოქროს ბურთის“ გაუქმებით, ლევანდოვსკის ზღაპრული სეზონი წაართვეს. „ოქროს ბუცმა“ მისი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა და არ არის გამორიცხული, მომავალი სეზონიდან დღის წესრიგში სერიოზულად დადგეს ქულების დარიცხვის წესის შეცვლის საკითხი.