კრიშტიანუ რონალდუმ იხუმრა: „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის წინ, სტადიონზე, ავტობუსიდან ჩამოსულმა, წარმოსახვით ფანებს ხელი ხელს დაუკრა (იხ. ვიდეო). მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იტალიაში სერია A-ს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარდება. თამაშებზე ხალხს არ უშვებენ.
მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ოინები ამით არ დასრულებულა. მოედანზე გასვლის შემდეგ ის ოთხივე ტრიბუნისკენ მიტრილდა და ტაში დაუკრა. რა იყო ეს? მისი ირონიული დამოკიდებულება კორონა ვირუსით გამოწვეული პანიკისადმი თუ უბრალოდ ხუმრობა ხუმრობის გამო, ვერ მოგახსენებთ.
ერთი კი ფაქტია, „იუვენტუსმა” უმაყურებლო ტრიბუნებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და ბეტონის ვეება ნაგებობაში დასადგურებულ სიჩუმეში „ნეროაძურის” 2:0 მოუგო.
გოლები აარონ რემსიმ და პაულო დიბალამ გაიტანეს.
თამაში რომ დამთავრდა „ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელებმა კვლავ არ დაიზარეს ხუმრობა და ცარიელ ტრიბუნებს ტაში დაუკრეს.
მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუს გასული კვირა რთული ჰქონდა. დედამისი დოლორეშ ავეირუ გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. იუვენტუსელს პორტუგალიაში გამგზავრება და დედის გვერდით ყოფნა მოუხდა, თუმცა, შემდეგ ტვიტერში დაწერა, რომ დოლორეში გამოჯანმრთელების გზას ადგას.