გუშინ, „სარბიელის“ კოსმოპოლიტური ბიუროს კადრების და ყველაფერზე ხელის მოწერის განყოფილების მისაღების მოსაცდელში აღელვებული მოქალაქე შევარდა.

მოქალაქის დოსიე: დაბადების ადგილი — ხაშური, სათქმელი — საშური. სიმაღლე 178სმ. სიდაბლე იგივე. წონა 69 კგ. ეწევა. არ ჭამს. დარდისგან სვამს.

მოქალაქე შეპყრობილი გახლდათ ახირებული იდეით, თითქოს ერთ-ერთ მარშრუტკაში მძღოლის გვერდით დაენახოს საყელოში ცხვირსახოცჩაფენილი ოდესღაც გარდაცვლილი სახელოვანი ქართველი მწვრთნელი ენგელბერტ პონტელავა. დიდება მას.

კოსმოპოლიტური ბიუროს გამოძიებისა და გამოძალვის განყოფილება სხვა შემთხვევაში ასეთ სიგნალზე რეაგირებას არ მოახდენდა (ქართულად: ფეხებზე დაიკიდებდა), მაგრამ კაპიტანი გენადი ფინაგენტოვი დააეჭვა იმ გარემოებამ, რომ მოქალაქის აღწერით ე. პონტელავა მარშრუტკაში მძღოლის გვერდით იჯდა, რაც ძალიან ჰგავდა სიმართლეს და შექმნა ოპერატიული ჯგუფი.

გამოძიებამ ოთხი მიმართულებით დაიწყო მუშაობა (ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით), რის შედეგადაც ჯერ აღმოჩენილ იქნა ძებნილის ძმა სლიშკომა (მავანი ნიკოლა ანელკას ბინაში, პარიზის გარეუბანში, კაიფში), ხოლო სლიშკომასგან კვალმა ძიება სოფიისკენ წაიყვანა, სადაც მავანი იორდან (დანჩო) ლეჩკოვის სახლში ნაპოვნი იქნა სამი ამპულა სიყვარული (ე. პონტელავას საყვარელი ნარკოტიკი).

ეჭვებით აცახცახებულმა გენადი ფინაგენტოვმა ძებნილის ძებნაში მოიარა მთელი ევროპა, იგივე ბებერი კონტინენტი ანუ ბებერი მეძავი, დაკითხა ყველა მეძავი, დაესწრო ევროპის ჩემპიონატს, ექსპო 2000-ს, იყო კინოში, ჩაიხრჩო ღვინოში, დალია „ფანტა“ და „კოკა კოლა“, ცემა სამი პედერასტი, შემთხვევით რესტორანში ნანახ ბელმონდოს უთხრა ზდრასტი, ავიდა ეიფელის კოშკზე, ჩამოვიდა პიზის კოშკიდან და საბოლოოდ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის მეოთხე სართულზე, ლიფტისგან მარცხენა ბინაში მიუსწრო თავის დროზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ თავის პირველ ცოლს საყვარელთან.

და მაინც, კაპიტან ფინაგენტოვს ცახცახი არ ეშვებოდა. მას ალღო კარნახობდა, რომ ე. პონტელავა ცოცხალია და გრძნობდა — თუ იპოვნიდა, ქართული ფეხბურთის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

ცნობისთვის: კაპიტანი გენადი ფინაგენტოვი ბალეშჩიკია.

იცახცახა, იცახცახა გ. ფინაგენტოვმა და ბევრი იცახცახა თუ ცოტა, გადაღლილი მარშრუტკაში ჩაჯდა. ფიქრებმა შორს გაიტაცა გამომძიებელი, მაგრამ უეცრად თავი აწია და თვალებს არ დაუჯერა — მძღოლის გვერდით, საყელოში ცხვირსახოცჩაფენილი ენგელბერტ, იგივე ენგო პონტელავა იჯდა.

დასასრული: „სარბიელის“ კოსმოპოლიტური ბიუროს პრესის, გრესის და ჰესის ქვეგანყოფილების უფროსის უმცროს თანამშრომელთა ხელმძღვანელმა, შოთა შორაპანოვმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება: „ყოფილი ძებნილი ე. პონტელავა ამჟამად იმყოფება მეცამეტე კოსმოპოლიტურ იზოლატორში, სადაც ლეიტენანტი ჯემალ ნაზია მის ინტენსიურ დაკითხვას აწარმოებს. საზოგადოებას ვთხოვთ გვენდოს, რომ პონტელავა მალე მოეგება გონს და კვლავ ჩაუდგება სათავეში ფ.კ. „მაგრებს“.

პაპუნა კედია

P.S. ვცვლი კეთილმოწყობილ ხელისუფლებას (გადაშენების პერსპექტივით), ნებისმიერი დასავლეთევროპული პატარა ქალაქის ბურგომისტრში.

29.02.2000